კარდიოლოგისა და "ჰელსიკორის" ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი გოგორიშვილის განცხადებით, მიუხედავად ხარისხობრივი პროგრესისა, საქართველო რიგ მიმართულებებში უკვე ჩამორჩება რეგიონულ ქვეყნებს, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „ჯანდაცვის სტანდარტში“ განაცხადა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის მიმდინარე მდგომარეობა და რეგიონულ კონტექსტში საქართველოს პოზიციონირება იყო. დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს როგორც მიღწევებზე, ისე იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე კარდიოლოგიის განვითარებას თან ახლავს.
გოგორიშვილის თქმით, ბოლო წლებში საერთაშორისო კოლეგებთან აქტიურმა კომუნიკაციამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს უპირატესობა, რომელიც წარსულში რეგიონში აშკარა იყო, თანდათან მცირდება. ირაკლი გოგორიშვილი მაგალითად ასახელებს TAVI-ს, ტრანსკათეტერულ აორტის სარქვლის იმპლანტაციას, რომელიც მსოფლიოში უკვე 23 წელია გამოიყენება, თუმცა საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების მიღმა რჩება.
„ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში სიარული და ჩვენს კოლეგებთან შეხვედრა მიწევს. შემიძლია გითხრათ, რომ ის დამოკიდებულება, რომ თავის დროზე აქ დადიოდნენ სამკურნალოდ, ეს აღარ არის. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის უპირატესობა, რაც რეგიონში გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. მაგალითად, წელს საქართველოში TAVI-ს მხოლოდ 70 პროცედურა ჩატარდა, მაშინ როცა აზერბაიჯანში თვეში საშუალოდ 20 კეთდება. ბელარუსში შეზღუდვა საერთოდ არ არსებობს, იგივეა ყაზახეთშიც. არსებობს კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდები, როგორიცაა MitraClip, რომელიც ჩვენთან დიდი ძალისხმევით სულ ორჯერ ჩატარდა, მაშინ როცა ბელარუსში 40 ასეთი პროცედურა კეთდება. თურქეთში კი სახელმწიფო შესყიდვის მექანიზმია და სულ სხვა ფასებია. დღეს პაციენტები ხარისხის გამო უცხოეთში აღარ მიდიან, თუმცა შეიძლება დადგეს დრო, როცა ფასის გამო მოუწიოთ წასვლა, რადგან სახელმწიფო დონეზე შესყიდვას ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ", - აცხადებს ირაკლი გოგორიშვილი.
მისი შეფასებით, თუ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არ გადაიხედა, საფრთხე არსებობს, რომ საქართველომ დაკარგოს ის პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში დარგის განვითარებით მოიპოვა.




























