საქართველოში სასწავლო ცენტრი “პედაგო” გაიხსნა, რომელიც ძიძებისა და მშობლების გადამზადებას მოემსახურება.
როგორც ცენტრის დამფუძნებელმა, ნინო გაზდელიანმა, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ცენტრი მიზნად ისახავს მათთვის საჭირო უნარების განვითარებას, რაც ბავშვის სწორ აღზრდასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის აუცილებელია.
„პედაგო“ მშობლებსა და ძიძებს კომპლექსურ გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარებაში, პედიატრიასა და ბავშვის ფსიქოლოგიაში სთავაზობს. პროგრამა მორგებულია მშობლებისა და ძიძებისთვის 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნვის შესასწავლად და მოიცავს ისეთ პრაქტიკულ საკითხებს, როგორიცაა ბავშვის კვება, განვითარებაზე დაკვირვება, ურთიერთობა მშობელსა და ძიძას შორის, ამასთან იურიდიულ ასპექტებს.
„ძალიან ხშირად მესმოდა, რომ კარგ ძიძას ეძებენ, თუმცა,საქართველოში არ არსებობდა კონკრეტული დაწესებულება, სადაც დაინტერესებულები ამ პროფესიას სიღრმისეულად შეისწავლიდნენ. ხშირად, მშობლები უკმაყოფილებას გამოხატავენ ძიძების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ის ადამიანები, ვინც ამ პროფესიით მუშაობენ, უბრალოდ არასდროს გადამზადებულან და პროფესიულად არასოდეს შეუსწავლიათ“, - აღნიშნავს ნინო გაზდელიანი.
როგორც ის განმარტავს, მის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლების დიდი ნაწილი შფოთავს, როდესაც ბავშვი ძიძასთან რჩება. სწორედ ეს გახდა საფუძველი ახალი სასწავლო ცენტრის შექმნისთვის.
მისივე ინფორმაციით, „პედაგო“-ში კურსები ცალ-ცალკე ტარდება მშობლებისა და ძიძებისთვის. გარდა თეორიული ცოდნისა, მსმენელი პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებს. პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იურიდიული სწავლებაა – მშობლებსა და ძიძებს სპეციალისტი თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს გააცნობს.
ამ დროისთვის სასწავლო ცენტრი უკვე აცხადებს მიღებას, ხოლო კურსების დაწყება მაშინ იგეგმება, როცა პირველ ჯგუფს დააკომპლექტებენ.




























