მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედიატრი თემურ მიქელაძე: იმედია, მოსახლეობა უფრო ბრძენი იქნება და აიცრება

6058ad32295c4
ინგა მურუსიძე
22.03.21 19:00
829

პედიატრი თემურ მიქელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ვაქცინაციაზე უარი არ თქვან. ექიმმა განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

„მივესალმები, რომ აიცრება 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა, რადგან აცრილთა რიცხვი ფართოვდება. არც ერთ ქვეყანაში მოსახლეობა ვაქცინას არ ირჩევს და არავინ აკეთებს მის მწარმოებელზე კვლევას. რა გარანტიაა, რომ „ფაიზერის“ ჩამოსვლის შემდეგ ვინმე არ იტყვის მე „მოდერნას“ უნდა დაველოდოო?! მერე იტყვის, „ნოვავაქსი“ მინდაო და ა.შ. ეს აბსურდია. მივმართავ მოსახლეობას - ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა აუცილებლად უნდა აიცრათ. თუ ექიმებმა ვერ გაითავისეს და ეს გასაგებია ფატალური შედეგის გამო, იმედია, ჩვენი მოსახლეობა უფრო ბრძენი იქნება და აიცრება“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ის თავის კოლეგებს მიმართავს და მიიჩნევს, რომ მათი დატრენინგება კარგი იქნებოდა, თუმცა სწორი ინფორმაციის მოძიება ყველა მედიკოსის ვალდებულებაა და ეს გადამზადების გარეშეც უნდა მოახერხოს.

„თუ ექიმი ხარ და შედიხარ კაბინეტში, სადაც პაციენტი უნდა აცრა, მზად უნდა იყო ამისთვის; რაც კი იმუნიზაცია არსებობს, ეს კაბინეტები აცრებზეა ორიენტირებული, იქ უნდა არსებობდეს გამზადებული ადრენალინის შპრიცები. თუ დატრენინგებული არ ხარ, ნება უნდა იბოძო და მოიძიო წყარო, საიდანაც შეგიძლია სწორი ინფორმაცია მიიღო. თუ არ გაქვს ინფორმაცია, ეს ან შენი პრობლემაა ან კრიმინალია, რადგან იმ კაბინეტში არ უნდა შეხვიდე“, - ამბობს მიქელაძე.

ინფორმაციისთვის: თემურ მიქელაძე ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები