პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია და მას საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ახორციელებს.
პროექტი, რომლის ფარგლებში, ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება, პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, სარწყავი სისტემა, ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
მიმდინარე პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„პეკინის გამზირზე რამდენიმე კორპუსს შორის არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გვინდა, რომ აღნიშნული სივრცე სრულად მოვაწესრიგოთ - გახდეს უფრო მწვანე და პირველ რიგში, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იყოს. პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, საფეხბურთო-საკალათბურთო მოედნებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, საპარკინგე სივრცეები და განათების სისტემა. სამუშაოებს, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება და ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნება. მიხარია, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი სივრცე გამოყენებული იქნება რეკრეაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























