მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პენიტენციურ კოდექსში" ცვლილებები შედის - რა იცვლება?

საპატიმრო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 75 ხმით „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით პენიტენციურ კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმში ან საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პროექტის შემუშავების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2023 წლის 15 დეკემბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომლითაც ბრალდებულისთვის მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვის საკითხები დარეგულირდა. კერძოდ, განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიერ აღნიშნული უფლებებით სარგებლობა ხელს უშლის გამოძიებას და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, ბრალდებულის აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს.

მისი თქმით, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს და კანონპროექტი სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) განსაზღვრული დანაშაულების ჩადენისთვის არიან ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი.

ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პირებისთვის შესაბამისი უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს. შესაბამისი უფლება/უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება. კანონპროექტი უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები