მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პენიტენციურ სისტემაში საჭირო სარეაბილიტაციო მომსახურებას ვერ ვიღებ" - ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მედიის ცნობით აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაუმძიმდა და პენიტენციურ სისტემაში მას ყოველდღიური სარეაბილიტაციო პროცედურების მიღება არ შეუძლია. მისი თქმით, ეს არის არსებითი გარემოება, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს.

ბურჭულაძის განცხადებით, მას „სპეციფიკური დაავადება“ აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვერ მკურნალობს.
„ეს ისეთი დაავადებაა, რომლის მკურნალობაც აქ არ ხდება. ერთ-ერთი პრობლემის გამო ესპანეთში მივდიოდი. გარდა ამისა, მყავს 8 შვილი, მათ შორის მცირეწლოვანი, ესეც გაითვალისწინეთ“, - აღნიშნა მან.

ბურჭულაძის თქმით, შეიცვალა არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ საქმის გარემოებებიც, მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დასრულებულია და ბრალდების მხარემ „ვერ წარმოადგინა ვერც პირდაპირი და ვერც საკმარისი მტკიცებულებები“.

„არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გაამართლებდა. ეს საქმე ძალადობრივ დანაშაულებს არ უკავშირდება და პატიმრობა ყველაზე მძიმე ღონისძიებაა“, - განაცხადა მან.

პროკურორი ანი ლეკიაშვილმა TVპირველის ცნობით თქვა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ღუდუშაურმა დაადასტურა საქმის გარემოებები.

სასამართლო სხდომას ბრალდებულთაგან ვერ დაესწრო მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაური, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. პროცესში მონაწილე სხვა ბრალდებულები თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე დარბაზში იმყოფებოდნენ.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 15 დეკემბერს, 11:00 საათზე დანიშნა.

გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. თავად ბურჭულაძე ამბობს, რომ მისთვის "წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება".ბურჭულაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.

ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები