სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმეს უკავშირდება.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ბეჟან ობგაიძე თანამდებობაზე პაატა სალიამ მიმდინარე წლის 18 ივნისს წარადგინა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მანამდე თანამდებობები დატოვეს მერვე ციხის დირექტორმა და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რაც თავის მხრივ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმესთან და დისციპლინურ წარმოებასთან არის დაკავშირებული.
"ბეჟან ობგაიძის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე",- აღნიშნულია განცხადებაში.




























