PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდა სწორი ნაბიჯია.
თუმცა გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როდესაც ეს საკითხი მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებების ნაწილი ხდება.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, საქართველოში ასაკობრივი პენსიის მოცულობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა მისი შეფასებით, პენსიის ზრდის საკითხი არ უნდა იყოს წინასაარჩევნოდ მანიპულაციის მექანიზმი.
“ის დაპირებები, რაც ბოლო პერიოდში პენსიების ზრდასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანაა. ესაა მცდელობა, რომ მოსახლეობის ნაწილის განწყობებზე მოკლევადიან პერსპექტივაში ზემოქმედება მოხდეს. ის პენსია, რაც საქართველოში გვაქვს, არა საკმარისი ბედნიერი და უზრუნველი სიბერისთვის, აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო ბიუჯეტს რესურსი აქვს, პენსია უნდა გაიზარდოს. თუმცა ასევე ვაკვირდებით, რომ წლებია როგორ ხდება ამ თემით მანიპულაცია, იმ მომენტში მმართველი პარტია როგორ ზემოქმედებს მოსახლეობის განწყობებზე იმით, რომ მათ დაპირებულზე უფრო მაღალ პენსიის ზრდას ჰპირდება და ამ ყველაფრის დაკავშირება ხდება არჩევნებთან და საარჩევნო დაპირებებთან.
საქართველოში პენსია კვლავ ძალიან დაბალია და მისასალმებელია, თუკი გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ეს აისახოს პენსიის მოცულობაზეც. თავისთავად ფაქტი, რომ პენსია იზრდება კარგია, თუმცა ცუდია, როდესაც ეს წინასაარჩევნო დაპირებებთანაა დაკავშირებული. ეს არ უნდა იყოს დაპირებების საგანი, ზოგადად ყველა მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაპირებები შეასრულოს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ნაცვლად 335 ლარისა, 350 ლარამდე ზრდას გაითვალისწინებს. ამის შესახებ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ პენსია მომდევნო წელს პენსია 20 ლარის ნაცვლად 35 ლარით გაიზრდება. მისივე თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, დაპირება, რომ მომავალ წელს პენსიები ინდექსაციის მოდელით გათვალისწინებულზე მეტად გაიზრდებოდა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გასცა.