მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას სანქციებმა? - გიორგი ხიშტოვანის რამდენიმე მოსაზრება

სს

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ სანქციებზე ყველა უფრო მეტად და სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და სანამ გვიან არ არის, ყველა ზომის ბიზნესმა თავისი წუხილი უნდა გამოთქვას. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი ხიშტოვანი დასავლეთის მხრიდან ქართველი პოლიტიკოსების სანქცირების შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე მსჯელობს და ამბობს, რომ მსოფლიოში განვითარებული სახელმწიფოები საქართველოს მსგავს მცირე სახელმწიფოებს სანქციებს არ უწესებენ, რადგან ასეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ეს დამღუპველი იქნება. ის მიიჩნევს, რომ ამ რისკების იგნორირიებით ყველა ამ პროცესის თანამონაწილე ხდება. სწორედ ამიტომ ხიშტოვანი ხმამაღლა საუბრის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"სანქციებზე მგონია, რომ უკვე უფრო სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.

რამდენიმე მოსაზრება:

  • იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დასანქცირების პროცესი დაიწყო, შემდეგ, ძალიან გაჭირდება ამ პროცესის შეჩერება; მაღალი ალბათობით, მივიღებთ პოზიციების რადიკალიზაციის შეუქცევად პროცესს, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო საბოლოოდ ჩიხში შევა;
  • 3,8 მილიონიანი საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს თუნდაც საშუალო მასშტაბის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს;
  • რატომ არ გვახსენდება ბევრი 3.8 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც დღეს დასანქცირებულია დასავლეთის მხრიდან? იმიტომ, რომ ამ ზომის სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლოა და დამღუპველია დაიწყოს პოლიტიკის გატარება, რომლის საბოლოო შედეგი, ქვეყნის დასანქცირება იქნება; მსოფლიოში ამას ხვდება ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე (თუნდაც ავტოკრატი) ლიდერი და უაზროდ და უპასუხისმგებლოდ ცეცხლს არ ეთამაშება;
  • კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსები აგდებულად ლაპარაკობენ სანქციების რისკზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ ისურვებდა, რომ პირველი დასანქცირდეს; ისინი ამით უკვე დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ბიზნესს (ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასების კლება და ეროვნული კურსის მერყეობა ამის კარგი მაგალითებია);
  • რა ბედი ელის გრძელვადიანად დასანქცირებულ ქვეყანას? ოფციები: ირანული თეოკრატიული დიქტატურა, რუსული დიქტატურა, ჩრდილოეთ კორეული დიქტატურა, მოსახლეობისგან დაცლილი და პოლიტიკურად გახლეჩილი ვენესუელა;
  • აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ზემოთ ხსენებული ქვეყანა არის მოსახლეობის და ეკონომიკის ზომის მხრივ საქართველოზე ბევრჯერ დიდი და ბევრად უფრო დიდი ბუნებრივი რესურსების პატრონი;
  • რა გამოსავალი რჩება პატარა ბუნებრივი რესურსების არმქონე დასანქცირებულ ეკონომიკას? ჩემი აზრით, ერთადერთი: დათმოს სახელმწიფოებრიობა, ჩაიკეტოს და ფაქტობრივად ჩაბარდეს რომელიმე დიდ მეზობელს (იხილეთ ბელორუსი).
  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტიპის პატარა ღია ეკონომიკაში სანქციები საბოლოოდ შეეხება ყველას (მოსახლეობის ყველა ფენას, ბიზნესის ყველა ტიპის/ზომის ჯგუფს, მთლიანად ფინანსურ სექტორს), დღეს, ამ რისკის იგნორირება, ამ უპასუხისმგებლო პროცესში თანამონაწილეობის ტოლფასი მეჩვენება;
  • შესაბამისად, ახლა, დროა, ყველამ უფრო ხმამაღლა დააფიქსიროს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია; განსაკუთრებით, ახლა, ყველა ზომის ბიზნესის დროა, დააფიქსიროს თავისი წუხილი, სანამ გვიანი არ იქნება", - წერს ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები