ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ნაკრების მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა, რომელმაც “სამ ლომს” 8 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ახალი მწვრთნელის ძიების პროცესშია და მათი ფავორიტი აღნიშნულ პოსტზე “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი მწვრთნელი პეპ გუარდიოლაა, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.
ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ერთი წლით ნაკრებში დროებითი მწვრთნელი დანიშნონ, რომელსაც შემდეგ უკვე ესპანელი სპეციალისტი ჩაანაცვლებს. მათთვის პრიორიტეტია ნაკრების მწვრთნელად ისეთი ადამიანი დანიშნონ, რომელმაც ინგლისური ფეხბურთი კარგად იცის, გვარდიოლა კი პრემიერ ლიგაში უკვე 8 წელია მუშაობს და “სამი ლომისთვის” ბევრი ფეხბურთელი აღზარდა.
ესპანელ სპეციალისტს წარსულშიც არაერთხელ გამოუთქვამს ნაკრების გაწვრთნის სურვილი, თუმცა მაშინ საუბრები ძირითადად ბრაზილიის ნაკრებზე იყო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გვარდიოლას კონტრაქტის ამოწურვამდე 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელის, ლი კარსლის დანიშნვას აპირებს. თუ გვარდიოლას დაყოლიება ვერ მოხერხდება და ინგლისელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდში წარმატებით იმუშავებს, მაშინ კარსლის პოსტზე დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ საუთგეიტის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ “სამი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო, ედი ჰაუ, გრემ პოტერი და ტომას ტუხელი მოიაზრებიან.