“მანჩესტერ სიტის” ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და “ქალაქელების” რიგებში 2027 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით გვარდიოლა ინგლისში ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელია განახლებული კონტრაქტით კი მისი ანაზღაურება გაიზრდება, თუმცა რამდენით ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
“ამ კლუბთან განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, რის გამოც კიდევ ორი წლით დარჩენა გადავწყვიტე. ყველას დიდი მადლობა, ვინც მენდობა და მხარს მიჭერს - განსაკუთრებით კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს. პატივი და პრივილეგიაა თქვენთან ერთად ყოფნა, ყველანაირი პირობა არის იმისათვის, რომ გამართულად ვიმუშაო, რასაც ვაფასებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ტიტულების მოგებას გავაგრძელებთ”, - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
ესპანელი სპეციალისტის თაოსნობით “სიტიმ” ჩატარებული 490 თამაშიდან 353 მოიგო, რაც 72%-იანი მაჩვენებელია. მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით გვარდიოლას მხოლოდ ლეს მაკდოველი უსწრებს, რომელმაც გუნდს 1950-1963 წლებში 587-ჯერ უხელმძღვანელა.
ცნობისთვის, გვარდიოლა “მანჩესტერ სიტიში” 2016 წლიდან მუშაობს და ამ დროში 18 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 6 პრემიერ ლიგის, 4 ლიგის თასის, 3 ინგლისის სუპერ თასის, 2 ასოციაციის თასის და 2023 წელს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის.