მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება

პარლა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სპიკერის განმარტებით, ცვლილება ხელისუფლების მიერ საჯარო მმართველობის სისტემის ოპტიმიზაციისა და კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის ნაწილია.

„ინიციატივის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივება და პასუხისმგებლობების უფრო მკაფიო განაწილება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა 12 ნოემბერს, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭება უფლებამოსილება გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, თანამდებობის პირების, სსიპ-ების, სახელმწიფო საწარმოების და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია - მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი მონაცემები.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2026 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროში გადადის, ანტიკორუფციული ბიურო კი უქმდება და მისი ფუნქციები ასევე აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები