პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2024 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც უწყების ანგარიშში წერია, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, სამსახურმა 1235 განცხადება/შეტყობინება მიიღო, რომელთაგან 1135 (92%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 78 (6%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 22 (2%) — სამართალდამცავ ორგანოებში.
სამსახურმა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 93 ფაქტზე ჩაატარა. მათგან 39% (36) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 61% (57) — არაგეგმურად.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 145 ფაქტი, მათგან 25 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 120 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 79% (115) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 21% (30) — საჯარო სექტორში, ხოლო 0% (0) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 208 დავალება და რეკომენდაცია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 11 201 კონსულტაცია გასცა.
სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 43 შემთხვევაში გამოიყენა.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 1 შეტყობინება.
სამსახურმა ჩაატარა 87 შეხვედრა 5246 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.