პერუს ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ახალი თაობის, ე.წ. GenZ-ს მიერ აგორებული საპროტესტო ტალღა სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა და ერთი ადამიანის გარდაცვალება, ასევე ათობით დემონსტრანტის დაშავება გამოიწვია. ცნობისთვის, პერუში პროტესტი ახალგაზრდა აქტივისტებმა, სატრანსპორტო მუშაკებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ხოსე ხერი გახდა.
სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ხოსე ხერი არჩევნების გზით არ მოსულა ხელისუფლებაში და მის გაპრეზიდენტებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა. რაც შეეხება მის წინამორბედს, დინა ბოლუარტეს, მას კანონმდებლებმა იმპიჩმენტი გასულ კვირას გამოუცხადეს. გამოუცხადეს, რადგან ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.
მიზეზი, რამაც ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია, არის არამარტო არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის დანიშვნა, არამედ ისეთი ფიგურის შერჩევაც, რომელიც პოლიტიკოსთა ძველ კლასს წარმოადგენს და ბოლუარტეს იდეებს იზიარებს. აქციის მონაწილეები არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოქმედ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებას, პერუელ მოსახლეობას ისეთი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, როგორიცაა გადაადგილების, შეკრებისა თუ პროტესტის გამოხატვის თავისუფლება. პარალელურად, მთავრობამ ქვეყნის პრობლემურ რეგიონებში სპეციალური ძალებიც შეიყვანა და მოელის, რომ უახლოეს დღეებში ვითარება სრულად ჩაცხრება.




























