მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პესიმისტური გათვლებით 5 000 ტონა თევზი უნდა გვეწარმოებინა, რეალურად ვაწარმოებთ 2 400 ტონას“- რა აფერხებს აკვაკულტურის განვითარებას?

თევზი

საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლების მინიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს აკვაკულტურის სექტორმა მხოლოდ 2 445 ტონა თევზი აწარმოვა. პიკი 2021 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც წარმოება თითქმის 2900 ტონას აღწევდა.

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" წარმომადგენლის და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ექსპერტის, ალეკო ბაღდაძის განმარტებით, წარმოების კლება პირდაპირ კავშირშია 2023 წელს ძალაში შესულ „აკვაკულტურის შესახებ“ კანონთან. მისი თქმით, ახალმა რეგულაციებმა ფერმერებს აკვაკულტურის საქმიანობის სპეციალური ნებართვის აღება დაავალდებულა, თუმცა მკაცრი ტექნიკური პარამეტრების გამო, ბევრმა მეურნეობამ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 150-მდე ნებართვაა გაცემული, დარჩენილი ფერმერები კი დაჯარიმების მუდმივი სტრესის ქვეშ საქმიანობენ.

„ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეული შეფერხებებია წარმოებაში და წარმოების დინამიკაც შემცირებულია, გარდა ამისა, რომ ტექნოლოგიური და პროფესიული ნაკლებობაა დარგში. შესაბამისად, დღესაც მეურნეობები მუშაობენ ღია გრუნტზე, ღია მეურნეობებში, სადაც არ არის თევზის ბიოუსაფრთხოება დაკმაყოფილებული. შესაბამისად დანაკარგები დიდია, დანაკარგები იწვევს თვითღირებულების გაზრდას და საბაზრო ღირებულება შესაბამისად მაღალია თევზის. აი ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც იწვევს წარმოების შემცირებას“,-აცხადებს ალეკო ბაღდაძე.

მისი თქმით, პრობლემურია სახელმწიფო თანადაფინანსების მოდელიც. არსებული წესით, სახელმწიფო პროექტის ღირებულების 50%-ს მხოლოდ მას შემდეგ ფარავს, რაც ფერმერი სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით დაასრულებს. ეს მიდგომა სექტორიდან თიშავს იმ მცირე მეურნეობებს, რომელთაც საწყისი კაპიტალი არ გააჩნიათ.

„მდგრადი განვითარების პრინციპს აქვე ვკლავთ. მდგრადი განვითარების პრინციპი ისაა, რომ სუსტს უნდა მიეცეს გაძლიერების საშუალება. დღევანდელი მოდელით კი ის, ვისაც ფინანსური რესურსი არ აქვს, პროექტს ვერასდროს განახორციელებს“, -აცხადებს ექსპერტი.

FAO-სა და სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, 2028 წლისთვის საქართველოში თევზის წარმოება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანას 10 000 ტონა თევზი უნდა ეწარმოებინა, თუმცა რეალური მაჩვენებელი მხოლოდ 2 400 ტონას შეადგენს. ექსპერტი პრობლემას უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაში ხედავს

„სტრატეგიის მიხედვით, ოპტიმალური ვარიანტით წელს უნდა გვეწარმოებინა 10 000 ტონა თევზი, რეალისტური ვარიანტით 6 000 და პესიმისტური ვარიანტით 5 000. რეალურად ვაწარმოებთ 2 400 ტონას.

ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი სამინისტროში შეხვედრაზე. გარკვეული მიზეზების გამო ეს სტრატეგია არ ხორციელდება, რადგან ვფიქრობ, ამ სტრატეგიის განმახორციელებელი ერთიანი მექანიზმი არ არსებობს. FAO რაღაცას თავისთვის აკეთებს, სამინისტრო ცდილობს თავისთვის რაღაც გააკეთოს, დარგობრივი ასოციაციები რაღაცას ვცდილობთ ჩვენთვის გავაკეთოთ, მაგრამ საერთო ჯამში გამოდის, რომ ეს განცალკევება და ერთიანი აზრის, ერთიანი სტრატეგიის არსებობა-არარსებობამ მიგვიყვანა აქამდე“,-აცხადებს ალეკო ბაღდაძე.

მიუხედავად გამოწვევებისა, სპეციალისტის შეფასებით, აკვაკულტურის სექტორის პოტენციალი დიდია. მხოლოდ შიდა წყლების რესურსით საქართველოს 25-30 ათასი ტონა თევზის წარმოება შეუძლია, ხოლო შავი ზღვის მარიკულტურის ათვისების შემთხვევაში, ეს ციფრი შესაძლოა ასეულობით ათას ტონამდე გაიზარდოს. ამჟამად კი ადგილობრივი ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული —ქართული წარმოების კი მოხმარებული თევზის მხოლოდ 5-7%-ია.

თუ სტატისტიკას შევხედავთ, ბაზარი იმპორტირებული თევზით არის გაჯერებული. გასულ წელს ქვეყანაში 57,8 მილიონი დოლარის ღირებულების, 17 ათას 512 ტონა ახალი, გაციებული და გაყინული თევზის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო წლების მაქსიმუმი მაჩვენებელია.

გაყინული თევზის შემთხვევაში მთავარი ბაზარი საქართველოსთვის ნორვეგია, ახალი ან გაციებული თევზის შემთხვევაში კი თურქეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები