უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობის შეჩერებას გეგმავს. პოლიტიკოსი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულებს. მადიარმა საზოგადოებრივ მაუწყებელ M1-ს "სიცრუის ქარხანა" უწოდა. მისი თქმით, ამ და სხვა ტელეარხების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ობიექტური და მიუკერძოებელი გაშუქების გარანტიებს ითხოვს. ახალი სამთავრობო გეგმა საზოგადოებრივ მაუწყებლებში "BBC-ის სტანდარტების" დამკვიდრებას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, სარედაქციო პოლიტიკას საპარლამენტო პარტიებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კომიტეტი გააკონტროლებს.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ კონტროლი მედიის 80%-ზე დაამყარა. მადიარის პარტია Tisza კი, რომელმაც არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ამ შედეგის ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებისთვის გამოყენებას გეგმავს.
პარალელურად, პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტის, თამაშ შუიოკის გადადგომასაც მოითხოვს. მომავალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ყოფნისთვის შეუფერებელი პირია. აღსანიშნავია, რომ მადიარი სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებასაც აპირებს. როგორც ირკვევა, მისი მიზანი ვიქტორ ორბანის მიერ შექმნილი ძალაუფლების ბერკეტების დემონტაჟია.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანის, როგორც უნგრეთის 16-წლიანი ლიდერის მმართველობა 12 აპრილს გამართული არჩევნების შემდეგ დასრულდა. მისმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა და ოპოზიციაში გადავიდა.




























