მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეზეშკიანმა ტრამპის განცხადება აშშ-ირანის მოლაპარაკებების შესახებ უარყო და „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა

ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საკუთარ Telegram არხზე ოფიციალურად განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკება არ იმართება და არც იგეგმება.

ირანის ლიდერის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები პროდუქტიული კონსულტაციების შესახებ მხოლოდ ნავთობის ფასების ხელოვნურ შემცირებასა და ამერიკული სამხედრო გეგმების მოსამზადებლად დროის მოგებას ემსახურება. პეზეშკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი დიალოგს მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ კი ომანთან აწარმოებს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების კოორდინაციას უკავშირდება. მისივე თქმით, ეს კონტაქტები საჯაროა და თეთრ სახლთან რაიმე სახის ფარული კომუნიკაცია გამორიცხულია.

თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტრამპის რიტორიკას ამერიკული მხარის „უკანდახევად“ აფასებს. ირანელი სამხედროების მტკიცებით, ვაშინგტონმა დარტყმების 5 დღით გადადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თეირანის მუქარა აშშ-ის ენერგეტიკულ და საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე საპასუხო იერიშების შესახებ რეალურ საფრთხედ აღიქვა. პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასების მკვეთრი მერყეობა დაფიქსირდა: ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება, რომელიც $112 დოლარს აჭარბებდა, ტრამპის განცხადების შემდეგ მყისიერად $97 დოლარამდე დაეცა, თუმცა მოგვიანებით კვლავ $100 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. IRGC-ში მიიჩნევენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ომამდელი სტაბილურობა ვაშინგტონის „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ პირობებში ვერ აღდგება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა 22 მარტს დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპი ირანს სრუტის გახსნის 48-საათიანი ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა. საპასუხოდ, თეირანმა მზადყოფნა გამოთქვა, იერიში მიიტანოს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ყველა ამერიკულ ენერგეტიკულ ობიექტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები