MMA-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ორგანიზაცია Professional Fighters League-მა ოფიციალურად განაცხადა PFL Africa-ს შესახებ. ეს არის კომპანიის უახლესი საერთაშორისო გაფართოება და მესამე რეგიონალური ლიგა მათი “ქოლგის” ქვეშ.
ეს ნაბიჯი ასევე ასრულებს ორგანიზაციის მიერ პროფესიონალ მებრძოლ ფრენსის ნგანუსთვის მიცემულ ერთ-ერთ მთავარ დაპირებას, რომელიც გულისხმობდა აფრიკული MMA-ის განვითარებაში ლიდერის როლის შეთავაზებას.
ორგანიზაცია ისტორიულ ღონისძიებას სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, GrandWest Arena-ზე ჩაატარებს. შოუ მოიცავს 2025 წლის PFL Africa ტურნირის გახსნას, რომლის პირველ ღონისძიებაზე ბრძოლები მძიმე და უმსუბუქეს წონებში გაიმართება.
მთავარ ბრძოლებში, Bellator-ის საშუალო წონითი ჩემპიონი და ახლა PFL-ის 84 კილოგრამის ჩემპიონი ჯონი ებლენი თავისი ტიტულის დაცვას ესპანელი კოსტელო ვან სტეენისის წინააღმდეგ შეეცდება. თანა-მთავარ ბრძოლაში, PFL-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა დაუპირისპირდება სუმიკო ინაბას.
"PFL Champions Series-ის კეიპტაუნში დაწყება და PFL Africa-ს გახსნა ასახავს ჩვენს ვალდებულებას, გავაფართოოთ MMA სპორტი მთელს კონტინენტზე, ხოლო აფრიკელ მებრძოლებს შევთავაზოთ გზები, რათა მათ გლობალურ ასპარეზზე იბრძოლონ და ჩემპიონები გახდნენ“ – განაცხადა Professional Fighters League-ის CEO-მ პიტერ მიურეიმ.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი მებრძოლი ფრენსის ნგანუ UFC-დან 2023 წელს დანა უაითთან არსებული კონფლიქტის ფონზე წავიდა. PFL-მა კი მებრძოლს არასტანდარტული კონტრაქტი დაუდო, რომლის მიხედვითაც კამერუნელს საორგანიზაციო საკითხებში ჩართვაც შეეძლება, განსაკუთრებით PFL Africa - პროექტის ფარგლებში.