მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი მისამართების სრულყოფილ სისტემას ქმნის - რას გულისხმობს პროექტი

5f71d5e3b3862
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.20 16:46
2660
"ვაკე, ვერა, მთაწმინდა და სოლოლაკი - ჯამში აერთიანებს 272 ქუჩას; 4 925 შენობას; 10 342 სადარბაზოს. ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, რომ გზააბნეულმა კურიერმა (ჩვენმა თუ სხვისამ) აღარასოდეს დაგირეკონ“, - წერს კომპანია Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. 

BM.GE დაინტერესდა, უფრო დეტალურად რას გულისხმობს პროექტი და როდის ამოქმედდება ის. „პროექტი დაწყებულია და ზუსტად ვიცით ჩვენს სისტემაში მოხვდება ნებისმიერი შენობა, შესასვლელი, სართული და კარი, საქართველოს მასშტაბით“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ჩუგოშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, მისამართების სისტემის შექმნაზე 3-კაციანი ჯგუფი მუშაობს და საპილოტე პროექტში Phubber-მა 15 000 ლარის ინვესტიცია ჩადო. 

„საქართველოში მისამართების სისტემა არც ისე დალაგებულია, განსაკუთრებით მასივებსა და პლატოებზე სულ პრობლემაა მისამართების მიგნება, შემდეგ კონკრეტულად მომხმარებლის კართან მიიტანონ ტვირთვი და არ მოუწიოთ მომხმარებლისთვის რამდენჯერმე დარეკვა და ამ ყველაფრის ძებნა“, - განმარტავს ჩუგოშვილი. 

მისივე თქმით, მისამართების სისტემის სატესტო ვერსია Phubber-ის ბაზაზე ოქტომბრის ბოლოდან ამოქმედდება, ხოლო შემდეგ ნებისმიერ მსურველ კომპანიას ამ სისტემით სარგებლობა შეეძლება. 

„სისტემის შექმნის და ორგანიზების იდეა „Phubber”-ის მიტანის სერვისის საჭიროებიდან წამოვიდა და ჩვენთვის მთავარ მიზანს ელექტრონული კომერციის განვითარება წარმოადგენს. ეს იქნება ჩვეულებრივი სერვისი, რომელიც ყველა კომპანიისთვის, მათ შორის "ფაბერისთვისაც" იქნება ფასიანი, იმის მიხედვით თუ რამდენჯერ მოიხმარენ კომპანიები ამ სერვისს. ამით ისინი შეძლებენ დროის დაზოგვას და მომხმარებლისთვისაც უფრო კომფორტული იქნება", აღნიშნავს Phubber-ის თანადამფუძნებელი. 

გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ მომავალში კომპანია აღნიშნულ სერვისს არა მხოლოდ - ადგილობრივი, არამედ უცხოური ბაზრებისთვისაც შექმნის. 

„ვფიქრობთ, ანალოგიური პრობლემა ბევრ ქვეყანაშია და საქართველოში ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ არ ვაპირებთ მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით შემოვიფარგლოთ. იქ, სადაც მისამართების სისტემა იქნება მოუწესრიგებელი, ხოლო ელექტრონული კომერცია აღმავალი - ამ ორი კომპონენტით შევარჩევთ შემდეგ მიზნობრივ ბაზარს. ვიტრიალებთ პოსტსაბჭოთა სივრცეში და უპირველესად იმ ბაზრებს მივაქცევთ ყურადღებას, სადაც "ფაბერი" გავა, ასეთია მაგალითად უკრაინა, ხოლო შემდეგ უკვე ეს სერვისი დამოუკიდებლად განვითარდება, იმის მიხედვით, საიდან წამოვა ინტერესი“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები