მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pickup - აპლიკაცია მომხმარებელს ნარჩენების გატანის სერვისს სთავაზობს

6489b40003a9d
მარიამ იზორია
15.06.23 00:05
777
Pickup - ასე ჰქვია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინოვაციურ სტარტაპს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანებს დროის დაზოგვასა და კომფორტს ჰპირდება. სტარტაპის აპლიკაციით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, თავიდან აირიდოს ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

Pick up-ის დამფუძნებელი ამირან ანანიაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ სტარტაპის იდეასა და ბიზნეს მოდელზე საუბრობს. მისი თქმით, ნარჩენების გატანის პრობლემა ტექნოლოგიების დახმარებით გადაჭრეს და აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალია ინტეგრირებული.

„აპლიკაციის შექმნის იდეა მეგობრებს გაგვიჩნდა. ვიფიქრეთ, რომ ძალიან გაამარტივებდა პროცესებს თუ ბაზარზე ნარჩენების გატანის სერვისი იარსებებდა. პრობლემა ტექნოლოგიების დახმარებით გადაიჭრა, შეიქმნა აპლიკაცია, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციონალი აქვს, მათ შორის ერთჯერადი გამოყენების ფუნქცია, ნარჩენების ორ კვირიანი გატანის პაკეტი და ა.შ

ყოველდღე დაახლოებით 30 აპარტამენტს ვემსახურებით და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაგვაქვს. გაფართოების მიზნით სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ეტაპობრივად ყველა უბანში შევიდეთ“ - ამბობს Pick up-ის დამფუძნებელი.

ამირან ანანიაშვილი „საქმიან დილაში“ სტარტაპის გეგმებზე საუბრობს და როგორც ამბობს, აპლიკაციას სეპარირებული ნარჩენების გატანის მოდელიც დაემატება.

„გვინდა აპლიკაციაში სეპარირებული ნარჩენების გატანის მოდელი იყოს ინტეგრირებული. გვსურს, ჩავაშენოთ სეპარირებული პლასტიკის გატანა. მომხმარებელი სახლის კართან პლასტიკს გაიტანს, ჩვენ კი მას უფასოდ წავიღებთ“ - განმარტავს ის.

ნარჩენების სწორად მართვა თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი და აუცილებლად გადასაჭრელი პრობლემაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, 2050 წლისთვის დედამიწაზე ნარჩენების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება და 3.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. ეს კი გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები