მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Piech Automotive-მა 1000 ცხენის ძალის მქონე კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა

Piech GT 2.0

2019 წლის ჟენევის ავტოშოუზე შვეიცარიაში დაფუძნებულმა Piëch Automotive-მა პირველი ავტომობილი, Mark Zero წარმოადგინა. შვეიცარიული კომპანიის პირველი მერცხალი სამი ელექტროძრავის მქონე სპორტული ელექტრომობილი იყო, რომელიც 611 ცხენის ძალას ავითარებდა და 80%-მდე სულ რაღაც ხუთ წუთში იმუხტებოდა - სულ მცირე, ასე ამბობდნენ ავტომობილის შემქმნელები. ეს ორადგილიანი სპორტული კუპე $150,000 ღირდა და მისი წარმოება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ Piëch Automotive-ის ამ პროტოტიპმა ინვესტორების ყურადღება ვერ მოიზიდა, ანუ პროექტი ჩავარდა და მასთან ერთად მოკვდა ტონი პიეხის ოცნება ოთხადგილიანი სედანის და SUV-ის შექმნის თაობაზე, რომლებიც შვეიცარიულ კომპანიას Mark Zero-ს შემდეგ უნდა გამოეშვა.

საავტომობილო ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანისთვის Piëch Automotive-ი, შესაძლოა, ნაცნობად ჟღერდეს, რადგან ის საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ფერდინანდ პიეხის სახელს ჰგავს. ეს ადამიანი, რომელმაც გერმანული Volkswagen-ი ჭეშმარიტ საავტომობილო გიგანტად აქცია და ჯგუფის პორტფელში ბრიტანული Bentley, ფრანგული Bugatti და იტალიური Lamborghini შეიყვანა, ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, რომელსაც კომპანიის მართვის სადავეები აუღია. ამასთან, ფერდინანდ პიეხი ლეგენდარული ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი იყო და გავლენა, რომელიც მან გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაზე მოახდინა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ავტომობილები, რომლებიც ფერდინანდ პორშემ და მისმა ვაჟმა, ფერი პორშემ წლების განმავლობაში შექმნეს.

თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ შვეიცარიული Piëch Automotive-ის სახელი უკავშირდება არა ფერდინანდ პიეხს, არამედ მის ვაჟს, ტონი პიეხს, რომელმაც ეს კომპანია 2017 წელს დააფუძნა. ფერდინანდ პიეხი არა თუ არანაირ კავშირში არ იყო ამ პროექტთან, ის მისი მთავარი კრიტიკოსიც იყო და საჯაროდაც თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟის წამოწყებაში არ მონაწილეობს. გავლენიანი მამისგან უარის მიღების და ჟენევის ავტოშოუს შემდეგ განცდილი კომერციული მარცხის მიუხედავად, ტონი პიეხმა კომპანიის აღორძინება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რისთვისაც Mercedes-AMG-ისა და Aston Martin-ის ყოფილ ხელმძღვანელთან, ტობაიას მოერსთან დაპარტნიორდა.

ავტომობილი, რომელიც პიეხისა და მოერსის კოლაბორაციით შეიქმნა, ჯერაც თიხის მოდელის სტადიაზე არის გაჩერებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ის - კონცეპტუალურია. Piëch GT 2.0-ის სახელით ცნობილი კონცეპტუალური ავტომობილი - ორი ელექტრული ძრავით აღჭურვილი ორადგილიანი კუპეა, რომელიც 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართალია, პირველი პროტოტიპის გამოშვებას კომპანია 2025 წელს გეგმავს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც Piëch Automotive-ის დამფუძნებლებს სურთ, ეს $200,000-იანი ავტომობილი ბაზარზე 2028 წელს გამოჩნდება. როგორც ჩანს, Piëch GT 2.0-ის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ში იქნება, ხოლო 100 კმ/სთ-მდე ის 2.6 წამში აჩქარდება და ელემენტების ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის.

Piëch Automotive-ის უახლესი კონცეპტუალური ავტომობილის ტექნიკური მონაცემები საინტერესო და გამოსარჩევია, მაგრამ Piëch GT 2.0-ის შედეგებს შორის არაფერი არის ისეთი, რასაც მისი პირდაპირი კონკურენტი - Porsche Taycan Turbo ვერ დადებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანული ავტომობილი დაახლოებით იმავე საფასო კატეგორიაში ხვდება, ანუ ადამიანი, რომელიც Piëch GT 2.0-ის ყიდვას გადაწყვეტს, დილემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან არჩევანის გაკეთება ობიექტურად ერთ-ერთ საუკეთესო ელექტრომობილს და შვეიცარიული სტარტაპის მიერ შექმნილ პირველ ავტომობილს შორის მოუწევს. ამასთან, ცხადია, Piëch GT 2.0-მა მძღოლს ისეთივე სიამოვნება უნდა მიანიჭოს, როგორც მართვისას, ასევე აბსტრაქტულად, რაც რთულია, როცა Porsche-ს ეჯიბრები. თუმცა არც ის ფაქტი არის დასავიწყებელი, რომ ფერდინანდ პიეხი მისი ვაჟის ამ წამოწყებით დიდად არ ამაყობდა, ხოლო ვის-ვის და დიდ ფერდინანდს ავტომობილებში ჭკუა კი მოეკითხება.

ტონი პიეხის კომპანიის მიერ შექმნილი ბოლო ავტომობილის დიზაინი რადიკალურად განსხვავდება იმ დიზაინისგან, რომელიც Piëch Automotive-მა ხუთი წლის წინ წარმოადგინა და ობიექტურები თუ ვიქნებით, ახალი ავტომობილი უკეთესად გამოიყურება. პირველი, რაც თვალში გვხვდება GT-ტიპის ავტომობილისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული დიზაინია, რომელიც Aston Martin-ის ფორმებს მოგვაგონებს. თუმცა, არც დეტალები უნდა დავივიწყოთ, მათ შორის თანამედროვე წინა და უკანა მაშუქები და შედარებით მასიური, მაგრამ ელეგანტური თვლები. როგორც ტობაიას მოერსი ამბობს, თითოეული Piëch GT 2.0 სპეციალური შეკვეთით დამზადდება, ანუ არც ერთი ავტომობილი არ იქნება მეორეს მსგავსი, რადგან პერსონიფიკაცია შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ფიზიკური დეტალებისთვის, არამედ ავტომობილის ხმებისთვის და მართვის რეჟიმებისთვისაც კი.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კომპანია, რომელიც Piëch Automotive-ის ავტომობილებს ააწყობს - ეს კანადური Multimatic-ია, რომელსაც ტობაიას მეიერსთან ამ დრომდეც უმუშავია, თანაც არა უბრალო ავტომობილებზე, არამედ AMG One-ზე და Aston Martin Valkyrie-ზე, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფელია. როგორც ტობაიას მოერსი ამბობს, Piëch GT 2.0 ულტრალიმიტირებული წარმოების ავტომობილი იქნება - 2028-2029 წლებში, კომპანია 2,000 ერთეულის გამოშვებას გეგმავს. მოგვიანებით, Piëch Automotive-ი ოთხკარიანი სედანისა და Ferrari Purosangue-ს მსგავსი სუპერ-SUV-ის გამოშვებას გეგმავს, მაგრამ ეს პროექტი დაახლოებით ათწლიან პერიოდს უყურებს.

ტონი პიეხის შეფასებით, კომპანია მალე ფინანსურად მოგებიანიც იქნება. ანტრეპრენიორის შეფასებით, 2029 წელს Piëch Automotive-ი ნულოვან მოგებას დააფიქსირებს, 2030 წლიდან კი - კომერციულად მოგებიანი კომპანია გახდება. ამ ეტაპზე, Piëch Automotive-ში 30 ადამიანი მუშაობს, ხოლო კომპანიას 70 ინვესტორი ჰყავს, რომელთა შორის არაბი ინვესტორები ჭარბობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები