სწრაფი სატრანზიტო დერეფნების სისტემა სწრაფად უნდა განვითარდეს, - ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, რჩება პრობლემური კვანძები, რომლის მოწესრიგებაც მოკლე დროში რთულია, თუმცა მოთხოვნა ავტობუსებზე გაზრდილია, ამიტომ თბილისის მერიამ ნაბიჯები სწრაფად უნდა გადადგას.
ირაკლი იზორია გამოეხმაურა თბილისის მერიის ინიციატივას საავტობუსე ზოლებში მოპედებისა და მოტოციკლეტების შესაძლო დაშვებაზე და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კვლევებით უნდა იყოს გამყარებული, რომ არსებული სისტემა არ დაზიანდეს.
“რაც შეეხება სწრაფ სატრანზიტო დერეფნებს, გვესმის რომ გარკვეულ კვანძებთან მიმართებით არის პრობლემები, ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება პრობლემური კვანძების მოწესრიგება, დრო და დაგეგმარება სჭირდება, იმისთვის რომ გადატვირთულობა არ გამოიწვიოს, თუმცა რა თქმა უნდა, რაც უფრო სწრაფად გაკეთდება უკეთესია, ვინაიდან მოსახლეობაც მოლოდინის რეჟიმშია.
ავტობუსების მოხმარება გაზრდილია, უფრო მეტი ადამიანი ადის და ფაქტობრივად გაჩერებაზე პიკის საათებში გადატვირთულ ავტობუსში ვერ ახვალ, ამიტომ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ ეს სისტემა. ამ სისტემის განვითარებას არ უნდა შევუშალოთ ხელი ალტერნატიული გადაწყვეტილებებით და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, ამან გაამართლა თუ არა,”- ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.