ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილეები, ქალაქში „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის ჩასვლას ითხოვენ, რათა მას შუამავლების გარეშე თავისი პრობლემები გააცნონ.
Facebook-ის გვერდ „მაღაროელზე“ გამოქვეყნებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტესტის 62-ე დღეს პროტესტის მონაწილე 9 ადამიანი შიმშილობს, მათგან 2 კი დაკავებულია.
„მეგობრებო, მოგმართავთ თქვენ, ვინც ფიქრობთ ამ კომპანიის შეთავაზების განხილვაზე, იმ დროს, როდესაც 6 კაცი და 1 ქალბატონი აქ, ჭიათურაში, შიმშილობს; 2 ჩვენი თანამებრძოლი კი ციხეში შიმშილობს ჩვენი საერთო მოთხოვნების მხარდასაჭერად.
ისინი განთავისუფლების მოთხოვნით არ შიმშილობენ – ისინი ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად ჩამოვიდეს და ჩვენს, მაღაროელებთან, უშუალოდ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, მოისმინოს ჩვენი პრობლემები და მოთხოვნები.
ხალხო, ეს უკვე სიგიჟეს წააგავს – 100-ჯერ მოგვატყუა კომპანიამ და 101-ედ კვლავ ვაპირებთ მისი შეთავაზების განხილვას?!
რას ვეუბნებით დაპატიმრებულ ბიჭებს? რას ვეუბნებით შიმშილობის რეჟიმში მყოფ ადამიანებს? ქალბატონს? ჩვენს შვილებს მომავალში?
რას ვეუბნებით მოსახლეობას, რომელიც 425 დღეზე მეტია, სამართლიანად აპროტესტობს და იცავს საკუთარ სახლ-კარს, უფლებებს
უკვე 62 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 62 დღეა კარავში ვათენებთ და ვაღამებთ მოვწყდით საკუთარ ოჯახებს , იმისთვის , რომ ჭიათურამ გაიმარჯვოს. მართლა ფიქრობთ, რომ ამ ხალხს უნდა გადაგვაბიჯოთ ? პირადი კეთილდღეობის მოლოდინის გამო , რომელიც გარანტირებულიც კი არაა და მონობას უფრო გიქადით ვიდრე კეთილდღეობას ?
შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემების ფონზე სამუშაო პროცესი ვერ აღდგება, რადგან არც სამართლებრივად და არც მორალურად არაა სწორი“, - ნათქვამია მაღაროელების განცხადებაში.
ცნობისთვის, შსს დღეს, ჭიათურაში მაღაროების მონიტორინგის ადგილებში სამართალდამცველებს დააყენა, რადგან ბოლო პერიოდში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი პროტესტს გამოხატავს - ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს "ჯორჯიან მანგანეზის" შვილობილი კომპანია რამდენიმე მაღაროს მონიტორინგს გეგმავს და უსაფრთხოების დაცვისთვის ადგილზე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები იქნებიან მობილიზებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს ჭიათურაში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავა. უწყების ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგიზ კობერიძესთან დაპირისპირების გამო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, მათ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.




























