"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქმის კურსში არავინ ჩააყენა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ეჭვებს აჩენს და ნიშნავს, რომ გახარია "რაღაც უცნაურს" აკეთებდა.
"თავის დროზე, არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია? საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში.
იყო ზარი Deep state-დან და ამას მოჰყვა მისი [გიორგი გახარიას] გაპრემიერება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო Deep state-თან, თუმცა ხედავთ, რომ დღეს, არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ.
საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. პროკურატურის თანახმად, გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანია 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. გომელაური 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა სუს-ის უფროსის პოზიციას.
საკითხზე გამოიკითხა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი. გომელაური ამბობს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დადგმის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო და საქმის კურსში არც პრემიერი იყო. ცქიტიშვილმა კი თქვა, რომ გზის გაყვანაზეც და ჩორჩანას ტერიტორიაზე საგუშაგოს მშენებლობაზეც ინფორმაცია ჰქონდა.




























