მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელებასთან ბრძოლა სტრატეგიული პრიორიტეტია - გვარაკიძე

გვარაკიძე

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელება სერიოზული მორალური ზიანის მომტანი დანაშაულია და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა ჩემთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი იქნება — ამის შესახებ გენერალური პროკურორობის ერთადერთმა კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გვარაკიძემ განმარტა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდინარე რეფორმის შედეგად, აღნიშნული დანაშაულის გამოძიების პასუხისმგებლობა პროკურატურის კომპეტენციაში გადადის.

„საგამოძიებო მიმართულების სტრუქტურულ რეფორმაში მოვიაზრებ თემატური დანაყოფის შექმნას, რომელიც ექსკლუზიურად იმუშავებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების საქმეებზე“, — აღნიშნა მან.

გვარაკიძის თქმით, საჭიროა პროკურორების მხრიდან ამ კატეგორიის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების დაჩქარება და დაზარალებულთა ვიქტიმიზაციის ტვირთის მაქსიმალური შემსუბუქება.

„ამისთვის უნდა გაძლიერდეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში“, — განაცხადა კანდიდატმა.

მისივე თქმით, პროკურატურის ღია საკომუნიკაციო არხებზე განთავსდება ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფრთხეებზე, მეთოდებსა და თავდაცვის საშუალებებზე, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გასაგებ ენაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები