
დიაგრამა აღებულია FAO-ს კვლევიდან
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რასაც ითვალისწინებენ ყველის შეძენისას, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მთავარ კრიტერიუმად: პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს (50%) და გამყიდველის ნდობას (37%) ასახელებს. მომხმარებლებმა ასევე მნიშვნელოვან კრიტერიუმად დაასახელეს პროდუქტის საგემოვნო თვისებები (24%).
„გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელიც ყველის ყიდვას პირდაპირ გლეხისგან ამჯობინებს, 62% მიიჩნევს, რომ ფერმერის წარმოებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო 60% კი გლეხისგან ყველის ყიდვისას ხაზს უსვამს გამყიდველის ნდობას“, - აღნიშნულია კვლევაში.
გარდა ამისა, მომხმარებელთა უმრავლესობისთვის „ეკოლოგიურად სუფთა ყველი“ წარმოადგენს ნედლის რძისგან დამზადებულ (74%) და ჯანმრთელი პირუტყვისგან მიღებულ პროდუქტს (55%).
გამოკითხულთა 26% რძის პროდუქტის არჩევისას ამოწმებს ეტიკეტს (არსებობის შემთხვევაში), ხოლო პროდუქტის წარმომავლობით მხოლოდ 13% ინტერესდება, მაშინ როდესაც პროდუქტს ვიზუალურად ათვალიერებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 64%.
რაც შეეხება ხორცს, კვლევის შედეგების მიხედვით, საქონლის ხორცს რესპონდენტთა უმრავლესობა დიდ სუპერმარკეტებში (40%) და არა ბრენდირებულ მაღაზიებში (30%) ყიდულობს. შედარებით ნაკლები რაოდენობა რესპონდენტებისა ხორცის საყიდლად ბაზარს (22%) და პატარა სუპერმარკეტებს (20%) აკითხავს.

დიაგრამა აღებულია FAO-ს კვლევიდან
„ძალიან მცირეა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც პირდაპირ გლეხისგან ყიდულობს ხორცს (9%), ხოლო თითქმის არავინ აფიქსირებს ხორცის ქუჩიდან ყიდვის ტენდენციას, თუმცა FAO-თვის, ისევე როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილია ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებ“, - წერია კვლევაში.
მისი შეძენისას, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, წინაპირობას პროდუქტის შენახვის ჰიგიენური პირობები და გამყიდველის ნდობა წარმოადგენს.
„ხორცის ყიდვისას გამოკითხულთა მხოლოდ 13% ინტერესდება პროდუქტის წარმომავლობით, შესაბამისად ამოწმებს ეტიკეტს. გამოკითხულთა 30% სასაკლაოზე დაკლულ ხორცს, გლეხის, სახლში დაკლულს ამჯობინებს. გამოკითხულთა 21% მიაჩნია, რომ ხორცთან დაუცველი კონტაქტით ზოონოზური დაავადებით დაინფიცირება შეუძლებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სატელეფონო კვლევა ცხოველთა-იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირების დონის განსაზღვრის მიზნით ჩაატარა. რესპონდენტებად შერჩეულები იყვნენ ქ. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის, ახალციხის, რუსთავის, ზუგდიდის მაცხოვრებლები.




























