მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pirelli-ს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ

pirelli

მილანის საფონდო ბირჟაზე იტალიური საბურავების მწარმოებელი კომპანიის, Pirelli-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც კვლევითი ფირმის, Grizzly Research-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება.

Grizzly Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის არმია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იტალიური კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ფირმის განცხადებით, Pirelli-მ რეგიონში არსებული აქტივები უნდა გაყიდოს და შესაბამისი ფინანსური ზარალი საკუთარ თავზე აიღოს, რადგან ის ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

Pirelli-ს ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის არმიისთვის საბურავების მიყიდვის ფაქტს. კომპანიამ გავრცელებულ განცხადებაში Grizzly Research-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს მცდარი და არაკორექტული უწოდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ Pirelli-ს აქციების ფასი 13%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნაა. მოგვიანებით, პოზიციების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად, ვითარება გამოსწორდა.

ცნობისთვის, Grizzly Research-ი ფინანსურ მოგებას იმ კომპანიების აქციების ვარდნიდან იღებს, რომელთა საქმიანობაშიც გარკვეულ პრობლემებს აღმოაჩენს და მათ წინააღმდეგ საპირისპირო ფსონებს დებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები