“ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას, ე.წ. “რუსული კანონის” პარლამენტში დაბრუნების შესახებ, ეხმიანება და აცხადებს, რომ ქალები, რომლებიც პარლამენტში გენდერული კვოტირების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან პარლამენტში, რუსულ კანონმდებლობას გააპროტესტებენ.
“მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა უპრეცედენტო გამარჯვება, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამ გამარჯვების საზეიმოდ და საქართველოს ნაკრები, თავდაუზოგავი შრომით, ჩვენი ფეხბურთელების თავგანწირვით, მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ქართულმა ოცნებამ კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში.
პარლამენტში ჩვენ, ქალები, ვისაც დღეს უნდა გვესაუბრა კვოტებზე, ქალთა თანასწორობაზე, ჩაგრულ ქალებზე, ვინც ათასობითაა ჩვენს ქვეყანაში, ვდებთ პირობას ყველა თქვენგანის წინაშე, რომ თქვენთან ერთად დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას. ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანის უფლებებისთვის და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ სამშვიდობოს გააღწიოს. უნდა შევძლოთ საბოლოო ძალების მობილიზება და დავუპირისპირდეთ ამ ყველაზე უფრო დიდ ბოროტებას, რასაც ჰქვია ივანიშვილის პარტია, “ქართული ოცნება”, რომელმაც კვლავ რუსული სტილის კანონმდებლობა შემოიტანა საქართველოში”, - განაცხადა ხარია დეკანოიძემ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის პარლამენტში ხელახალი ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.