„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით:
"საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია", - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. მდინარაძის თქმით, ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.
"შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.
"სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ.
შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მმართველმა ძალამ გასულ წელს უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი ფორმალური, მეორე მოსმენის შემდეგ ჩავარდა.
მას შემდეგ არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა „უცხოელი აგენტების“ კანონს მიბრუნებოდა. "ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.
ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თებერვალში, დანიშვნამდე პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ გასულ წელს მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და ამიტომ გაიწვიეს უკან.