მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ რიგში, წაგების შიში უნდა დავამარცხოთ და სლოგანი “საქართველო ფორმაშია”, სწორედ ამას აღწერს - მარიამ ცანავა

მარიამ ცანავა
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ საბერძნეთის ნაკრების დამარცხება და ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა - ისტორიული შედეგია, რომელიც თაობებს დაამახსოვრდებათ. თავად ეს ფაქტი კი, დიდწილად, იმ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირდება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და “საქართველოს ბანკმა” ჩაატარეს. კამპანიის ფარგლებში არაერთი სლოგანი შეიქმნა, რომელიც გულშემატკივრებმა აიტაცეს და ყოველდღიური საუბრის ნაწილად აქციეს. აი, სწორედ ასეთი სლოგანების თანრიგს მიეკუთვნება “საქართველო ფორმაშია”.

როგორც საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა “საქმიან საღამოში” ამბობს, ნაკრების გენერალურ სპონსორს ისეთი კამპანიის შექმნა სურდა, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნული ნაკრების სლოგანის “მე ვარ საქართველო” შინაარსს გაიზიარებდა, ხოლო მეორე მხრივ, იმ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობას წარმოაჩენდა, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა.

“ამ კამპანიაზე ნერვიულობა სექტემბერშივე დავიწყეთ, როცა გავიგეთ, რომ ერთა ლიგის ფინალური ეტაპის თამაშები გაიმართებოდა. მას შემდეგ, ფედერაციასთან ერთად ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი სათქმელი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა გამოძახილი ბრენდის იდენტობისა “მე ვარ საქართველო” და კარგად გამოსახავდა, თუ რას გრძნობს ხალხი ახლა, ამ მომენტში. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ ეს ის მომენტი იყო, როცა მთელი საქართველო იყო ერთად. ყველა ერთად ვნერვიულობდით და გვესმოდა, რომ ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი თამაშები და ჩვეულებრივი გამარჯვება, ანუ ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი კამპანია. აი, სწორედ ამ შემართებამ და დაძაბულობამ შექმნა ბრენდის იდენტობა “საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია”.

ჩვენ, როგორც გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა, პირველ რიგში, საკუთარ თავში წაგების შიში უნდა დავამარცხოთ და “საქართველო ფორმაშია”, სწორედ ამ პროცესს აღწერს. ამ შემთხვევაში, მოედანზე გადის არამხოლოდ ეროვნული ნაკრები, არამედ ყველა. კამპანიის ერთ-ერთი მესიჯიც, სწორედ ეს იყო - “როცა გავდივართ, გავდივართ ყველა”. ამ მომენტში, ვფიქრობ, ყველამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - იმ ადამიანებმა, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ და იმათაც, მატჩს ქუჩებში განთავსებულ სხვადასხვა ფანზონაში რომ უყურებდნენ. აი, ამ ერთიანობამ და საკუთარი თავის რწმენამ მოიტანა ის შედეგი, რაც დადგა”, - განაცხადა მარიამ ცანავამ "საქმიან საღამოში".

როგორც “საქართველოს ბანკის” ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, ნაკრების გენერალური სპონსორი აცნობიერებდა, რომ თამაშები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა, ჩვეულებრივი არ იყო, შესაბამისად, ვერც კამპანია იქნებოდა ჩვეულებრივი. აი, სწორედ ეს გახდა მიზეზი კამპანიის მასშტაბური, შეიძლება ითქვას 360-გრადუსიანი გაშლისა, რომლის ფარგლებში, ეროვნული ნაკრების ახალი ბრენდი საქართველოს ყველა კუთხეში გამოჩნდა.

“პირველ რიგში, მთავარ სათქმელამდე მივედით, რომელზედაც ჩვენმა პარტნიორმა კრეატიულმა სააგენტომ, JWT Metro-მ იმუშავა. ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ უდიდესი პროფესიონალები არიან, ფეხბურთიც ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ, ეს კამპანიას დაეტყო. მას შემდეგ, რაც მესიჯი “საქართველო ფორმაშია” დამტკიცდა, მის მაშტაბირებაზე დავიწყეთ ფიქრი და მივხვდით, რომ ამ მესიჯის აღქმა ბევრნაირად შეიძლებოდა. ვიფიქრეთ, ყველა ჩვენი რესურსი, მათ შორის აპლიკაცია, ფილიალები თუ ჩასარიცხი აპარატები გადაგვებრენდა და ეს ძალიან საამაყოა, რადგან ქვეყანაში არსებულ მუხტს აღნიშნავდა.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად რამდენიმე ფანზონა გავაკეთეთ. მთავარი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, მაგრამ ფანზონები ქუთაისშიც და ბათუმშიც გაკეთდა, ხოლო ჩვენს სერვისცენტრებში თანამშრომლებისთვის ჩვენება მოეწყო, რა დროსაც, ამ მატჩს “საქართველოს ბანკის” ყველა თანამშრომელმა ერთიანად უყურა. ვეცადეთ, ყველა ადგილი აგვეთვისებინა”, - განაცხადა მარიამ ცანავამ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები