მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველადი ანალიზით, სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8% შეძლებულია - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა უნდა გადაიხედოს, რადგან ეს სტატუსი დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8%-ს არ ეკუთვნის.

პარლამენტში ინტერპელაციაზე მისული კობახიძე ასევე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველების რაოდენობა პანდემიის დროს გამოცხადებული მორატორიუმის გამო გაიზარდა.

"სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას საჭიროებს, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ამ პროცესზე ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა. 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, მას შემდეგ კი ბაზის გადამოწმება დროებით შეჩერდა, რის გამოც დღეს მისი განახლება აუცილებელია.

დაუშვებელია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სიღარიბე განახევრებულია. ჩვენ მიერ ჩატარებული პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8% შეძლებული ადამიანია. მათ არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარზე მაღალი შემოსავალი აქვთ, არამედ ფაქტობრივად, შეძლებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. ეს მაჩვენებელი 700-800 ათასი ბენეფიციარიდან დაახლოებით 8%-ს შეადგენს.

ცხადია, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას საჭიროებს, მით უმეტეს, რომ 2020 წლის შემდეგ ეს პროცესი არსებითად არ განხორციელებულა. აღნიშნული საკითხი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანაა", - ამბობს კობახიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში სოციალური შემწეობა ჯამში 710 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, აქედან 246 ათასამდე პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეა. დეკემბერთან შედარებით, იანვარში შემწეობის რაოდენობა დაახლოებით 2200 გაიზარდა

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები