მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი ჯანდაცვა მეტ ინვესტირებასთან ერთად, რეფორმირებას მოითხოვს - კაკაურიძე

63343879b0262
გიორგი არონია
28.09.22 17:30
761

პირველადი ჯანდაცვის რგოლში მეტი ინვესტირება და რეფორმირება არის საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„სწორი მიდგომაა, რომ პირველად ჯანდაცვაში მეტი ინვესტირება, საბოლოო ჯამში, ჰოსპიტალურ სექტორს განტვირთავს და ხარჯებს შეამცირებს. თუმცა, რაც შეეხება ზოგად პირველად ჯანდაცვას, ფულთან ერთად, მას რეფორმის განხორციელებაც სჭირდება. უბრალოდ ფული რომ ჩავდოთ, შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ ხარჯი გაგვეზრდება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ინვესტირებისა და რეფორმირების აუცილებლობის გარდა, მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის საკითხების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივად დელეგირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მომდევნო წელს, პასუხისმგებლობას, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს და  რემონტებისა და სოფლის ამბულატორიების ნაწილში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, ეს საკითხი სამართავად მერიებს უნდა გადაეცეს და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე უნდა შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები