მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ეკოტურისტული სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ გაიხსნა

64524a989d762
სალომე ხიდურელი
03.05.23 23:18
670
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ქვემო ქართლში პირველი ეკოტურისტული სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ გაიხსნა.

„მოგზაურების გაზრდილმა ინტერესმა სამშვილდეში საფუძველი ჩაუყარა იმ სივრცის შექმნის იდეას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ღამის გათენება, დასვენება, ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა, კერძების გასინჯვა, სამოგზაურო მარშრუტების შერჩევა და პროფესიონალ მეგზურთან ერთად საინტერესო ადგილების დალაშქვრა.

„ორბის ბუდეს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვქმნით და გვსურს, უნიკალური გარემო ახლებურად, განვითარების და წარმატების შესაძლებლობად დავანახოთ“ - აღნიშნა „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარემ და სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ დამფუძნებელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა.

როგორც CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეკა დათუაშვილი მედიასთან განმარტავს, სოციალური საწარმოს გახსნა რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ქვემო ქართლის რეგიონში პირველი სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც, როგორც ადგილობრივი ტურისტული ცენტრი, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ახალი მარშრუტების განვითარებას საქართველოში; მონაწილეობას მიიღებს თემის, სოფლისა და რეგიონის განვითარებაში და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მოსახლეობას, რომელიც მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება,“ - განაცხადა ეკა დათუაშვილმა.

როგორც CSRDG-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ეკოტურიზმისა და ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას, საზოგადოებისთვის ეთნიკური უმცირესობების უნიკალური ტრადიციების გაცნობას და პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რაც შეუქმნის მათ ახალ შესაძლებლობებს და მონაწილეობას მიიღებს თემისა და რეგიონის განვითარებაში.

სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ შექმნილია პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც 6 სოციალური საწარმო დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები