მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული საერთაშორისო ფინტექი - ნიკა ქურდიანის გზავნილები Change Inspire 2024-დან

Change Inspire 2024
11.07.24 19:15
95

თბილისში წლის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური ღონისძიება, Change Inspire 2024 გაიმართა, რომელზედაც კონფერენციისთვის აწ უკვე ტრადიციულ თემებთან, მათ შორის FinOps-თან, ციფრულ ტრანსფორმაციასთან და დიდ მონაცემებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ხელოვნურ ინტელექტზე და ფინტექზე ისაუბრეს. ამ ჩამონათვალში ფინტექის გამოჩენა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან თუკი არსებობს სფერო, რომლითაც ქართული ბიზნესი საზღვარგარეთ არის განთქმული, ეს უდავოდ - ფინტექია. ამ ტენდენციის ლოკომოტივად “თიბისი ჯგუფი” ითვლება, რომელმაც პირველი ქართული საერთაშორისო ფინტექ-კომპანია შექმნა და უზბეკეთში გაიტანა. Space International-ის ბაზაზე შექმნილმა პროექტმა კომერციულადაც გაამართლა, რადგან საბანკო სერვისების გაშვებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, კომპანია მოგებაზე გავიდა.

“თიბისი უზბეკეთის” შემთხვევა მართლაც საინტერესო და უპრეცედენტოა, მით უფრო, რომ ეს 3.7-მილიონიან ბაზარზე შექმნილი ქართული კომპანიის საერთაშორისო გაფართოების ამბავია, რომელიც უზბეკეთში დაიწყო და სხვა ქვეყნებში გაგრძელდება. თავად ეს შემთხვევა დიდი იმპულსია ქართული ტექნოლოგიური კომუნისთვის, რადგან ის ცხადყოფს, რომ რეალისტური ხედვის სწორად აღსრულების შემთხვევაში - ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა წარმატების მისაღწევად კომპანიამ და ადამიანებმა, რომლებიც კომპანიას ქმნიან, ბევრი უნდა იშრომონ - აი, ასე შეიძლება შეჯამდეს “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორის, ნიკა ქურდიანის სიტყვა წლევანდელ Change Inspire-ზე. წელს, ნიკა ქურდიანმა ისაუბრა, როგორც TBC UZ-ის შექმნის მიზეზებზე, ასევე გადალახულ დაბრკოლებებზე და ხედვაზე, რომელიც “თიბისი ჯგუფს” საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულებით აქვს.

როგორ შეიქმნა პირველი ქართული საერთაშორისო ფინტექი?

ნიკა ქურდიანის თქმით, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო გაფართოების იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ჯგუფი რეგიონის უდიდეს ფინანსურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა და, ერთი მხრივ, საქართველოში სწრაფი ტემპით ზრდის პერსპექტივა ამოწურა, მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარი ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს სხვებისთვის გაზიარების აუცილებლობა დაინახა.

დღეს, “თიბისი ჯგუფი” ამიერკავკასიაში ფინანსური სერვისების უდიდესი ეკოსისტემაა. ამ მიზანს ჯერ კიდევ 2016 წელს მივაღწიეთ, როცა რამდენიმე აქტივთან ერთად “რესპუბლიკა ბანკი” შევიძინეთ. ასე მივედით ჩვენი მისიის გადახედვის აუცილებლობასთან, რადგან გვჭირდებოდა ხედვა, რომელიც ჩვენს სოციუმში უფრო დიდი შედეგის დაფიქსირების საშუალებას მოგვცემდა. ახალი ხედვა ჩამოვაყალიბეთ და შევთანხმდით, რომ გვსურდა ტექნოლოგიების გავლით ადამიანების ცხოვრება და ბიზნესების საქმიანობა გაგვემარტივებინა, რადგან ორივე ამ სეგმენტს ვემსახურებით”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

რატომ უზბეკეთი და რატომ - ნეობანკი?

თუმცა რჩება კითხვა - რატომ მაინცდამაინც უზბეკეთი და არა, მაგალითად, მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი? ამ კითხვის პასუხს, როგორც ნიკა ქურდიანი ამბობს, ბაზრის ზომაში უნდა ვეძებოთ, რადგან დღეს, უზბეკეთში 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ფაქტობრივად ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯამური მოსახლეობა. თან, ამ ქვეყნებში გაფართოება მარტივი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით უზბეკეთზე, რომელიც, ბოლო წლებში, ბიზნესზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ყველაზე ღია ეკონომიკად ჩამოყალიბდა. ამასთან, უზბეკეთი ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაა, რომელიც სმარტფონების პენეტრაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

თუმცა საზღვარგარეთ გაფართოება, მით უმეტეს ბანკისთვის, რამდენიმენაირად შეიძლება და ის მიდგომა, რომელსაც კომპანია აირჩევს, მის ბედს განსაზღვრავს. როგორც ნიკა ქურდიანი ამბობს, უზბეკეთში გაფართოების პირველ დღეებში “თიბისი ჯგუფი” დიდი ადგილობრივი ბანკის შეძენას განიხილავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ნულიდან ახალი ბანკის შექმნა გადაწყდა; ბანკის, რომელსაც არც ფილიალები ექნებოდა და ნაღდი ფულის საცავები, ხოლო მისი მთავარი უპირატესობა - სმარტფონის აპლიკაცია იქნებოდა.

“ვთქვით, რომ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის სმარტფონის გარდა არაფერი გვჭირდებოდა და დღესაც ასე ვართ. ეს გვზღუდავს, მაგრამ თან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. ასეთ ამბავს მოგიყვებით: უზბეკეთში გაფართოების პირველ დღეებში, დეპოზიტების მოსაზიდად შოურუმები გავხსენით, სადაც მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტის შესახებ ვუყვებოდით - მეტი არაფერი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მობილურმა ოპერატორმა გვითხრა, რომ პინ-კოდის შეცვლა მხოლოდ ტერმინალის საშუალებით შეიძლებოდა, რამაც შოურუმში შავი წერტილი - ტერმინალი გააჩინა. ასეთივე შემოთავაზება სხვა კომპანიასაც ჰქონდა, ანუ შოურუმში კიდევ ერთი შავი წერტილი გაჩნდა. მივხვდით, რომ თუ ასე გავაგრძელებდით, ეს შოურუმი ფილიალად გადაიქცეოდა. ერთი ხელის მოსმით ყველა შოურუმი დავხურეთ. ცხოვრება გავირთულეთ, თავი შევიზღუდეთ… თუმცა ასეთი შეზღუდვები, რეალურად, გეხმარება, ოღონდ მთავარია გესმოდეს, ამას რატომ აკეთებ”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა Change Inspire 2024-ზე.

რა არის Space International-ის ამბიცია?

საქართველოს ბაზარზე პირველი ნეობანკის გამოჩენას “თიბისი ჯგუფმა” ძალიან საინტერესო, მაგრამ ქვეტექსტით დახუნძლული ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელშიც ტრადიციული ბანკები დიდ და მოუქნელ დინოზავრებად გამოიყვანა, ნეობანკი კი - ტექნოლოგიად, რომელიც მათ ჩაანაცვლებდა. კამპანიის სათქმელიც შესაბამისი იყო - “დაემშვიდობე ტრადიციულ ბანკებს”.

“გვაქვს ამბიცია, გარკვეულ პროცესებში რევოლუცია მოვახდინოთ და დიდი დისკომფორტი გავუჩინოთ იმას, ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს. ცხადია, არ ვამბობთ, რომ ფინტექების და ნეობანკების გამოჩენით ტრადიციული საბანკო მოდელები მოკვდება - სულაც არა. სიახლეების გამოჩენით, ტრადიციული ბანკები დისკომფორტს გრძნობენ, რადგან ხვდებიან, რომ რაღაცებს არასწორად ან არაოპტიმალურად აკეთებდნენ. მგონია, რომ ფრაზა “დაემშვიდობე ტრადიციულ ბანკებს” ფილოსოფიური გამონათქვამია, რომელიც გვიბიძგებს, რომ არასდროს ჩავრჩეთ ჩვენს აზროვნებაში, რადგან ეს გვჭედავს და განვითარებაში ხელს გვიშლის”, - ამბობს ნიკა ქურდიანი.

რა პლატფორმებით ოპერირებს “თიბისი ჯგუფი” უზბეკეთში?

ქართული “თიბისი ჯგუფის” უზბეკური ბიზნესი მრავალფეროვანია, მაგრამ გეზი, რომელიც კომპანიამ აირჩია - ფინანსური ეკოსისტემის შექმნას მოიცავს. ამაზე მიუთითებს იმ კომპანიებისა თუ ბიზნესების ჩამონათვალი, რომელთაც “თიბისი ჯგუფი” ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოში ავითარებს. ამ ეკოსისტემის ქვაკუთხედი ნეობანკი TBC UZ-ია, ანუ აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი საბანკო სერვისებს იღებს. თუმცა საბანკო აპლიკაციის გარდა, “თიბისს ჯგუფის” საკუთრებაში კიდევ ორ კომპანიას ვხვდებით, ესენია: ონლაინგადახდების უდიდესი უზბეკური აგრეგატორი Payme და ოფლაინ-განვადების პლატფორმა Payme Nassiya.

“საქართველოსგან განსხვავებით, ე.წ “ღია ბანკინგი” უზბეკეთში სრულად არის გაშვებული, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება კონკრეტული ბანკის ბარათი აიღო და ის ნებისმიერი სხვა ბანკის აპლიკაციას მიაბა და ისეთივე სერვისი მიიღო, როგორსაც შენს ბანკში მიიღებდი. ამგვარად, უზბეკეთი ბანკების მიმართ 100%-ით აგნოსტიკოსი ქვეყანაა. ამ ყველაფერმა, თავის დროზე, Payme-ის მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი”, - ჰყვება ნიკა ქურდიანი და დასძენს, რომ ამ სამი ბიზნესის წარმატების მთავარი საზომი ისაა, რომ გაშვებიდან 24 თვეში კომპანია მოგებაზე გავიდა და მას შემდეგ თითოეული თვე ახლაც გამწვანებულია.

დღეს, “თიბისი უზბეკეთს” 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავთ, რომელთა მესამედი ჯგუფში შემავალ აპლიკაციებს ყოველთვიურად იყენებს. ამ ადამიანებზე, ჯამში, 700,000 აქტიური სესხი არის გაცემული, ხოლო ჯამში, კომპანიის საკრედიტო პორტფელში მილიონზე მეტ გარიგებას ვხვდებით.

როგორ იმართება Space International-ი?

ერთ-ერთი საკითხი, რომელზედაც ნიკა ქურდიანმა Change Inspire-ზე ისაუბრა - ბიზნესის მასშტაბირებაა, ანუ მიდგომა, რომელიც კომპანიას გლობალური პროდუქტის შექმნაში ეხმარება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის სწორი მენეჯმენტი, რათა, ერთი მხრივ, ადამიანმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სისტემა შეიქმნას, რომელიც პროდუქტის განვითარებას უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს.

“უზბეკეთში მიმდინარე პროცესები საქართველოდან იმართება, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ. ისინი, ძირითადად, რვა ლოკაციაზე ნაწილდებიან და ძირითადი ნაწილი კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ცხოვრობენ, მაგრამ თანამშრომლები ლონდონშიც გვყავს. საერთო ჯამში, 2,000-ზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ, ანუ Space International-ი საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა”, - ამბობს ნიკა ქურდიანი.

როგორ იყენებენ Space International-ში ხელოვნურ ინტელექტს?

ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიაა, რომელიც ბოლო დროს ყველას პირზე აკერია, მაგრამ პოპულარობის გარდა, ის მეტად გამოსადეგიცაა, ასე რომ “თიბისი უზბეკეთში” AI-მოდელების დანერგვა და ამ თემაზე საჯაროდ საუბარი მოულოდნელი სულაც არ არის, პირიქით, ის იქნებოდა გაუგებარი, ცენტრალური აზიის უდიდესი ციფრული საბანკო ეკოსისტემა ხელოვნურ ინტელექტზე რომ არ საუბრობდეს. ამ მიმართულების განვითარებისთვის, “თიბისი უზბეკეთმა” Yandex-ის ექსპერიმენტული პროდუქტების ყოფილი ხელმძღვანელი, კონსტანტინ კრუგლოვი დაიქირავა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში AI-ის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია.

როგორც ნიკა ქურდიანი ამბობს, “თიბისი ჯგუფში” ხელოვნური ინტელექტის განვითარება არატრადიციულ, შეიძლება ითქვას რევოლუციურ ხედვას უკავშირდება, რომლის თანახმად, მობილური ბანკი, როგორც კომუნიკაციის ფორმა, რამდენიმე წელიწადში, აღარ იარსებებს, ხოლო მის როლს - AI-ზე ბაზირებული ხმოვანი ასისტენტი შეითავსებს.

“ისმის კითხვა, თუ რად გვინდა ხელოვნური ინტელექტი. სესხები უკეთ რომ გავყიდოთ? არა. გვგონია, რომ სამ-ოთხ წელიწადში მობილური ბანკი, ამ ფორმით, უბრალოდ აღარ იარსებებს. ვფიქრობთ, რომ სამ-ოთხ წელიწადში მობილურ ბანკში ამ ინტერფეისთან კომუნიკაცია აღარ მოგვინდება. დაგვჭირდება ერთი აპი, სადაც არის ერთი ღილაკი, რომელიც ხმოვან ასისტენტთან გაკავშირებს. თავად ეს ასისტენტი შენს ქცევას და გემოვნებას სწავლობს და ბანკირს, სწორედ ამით სჯობნის. აი, ეს არის ის მიმართულება, საითაც მივდივართ. პირველი პილოტი წლის ბოლოს გაეშვება”, - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა Change Inspire 2024-ზე გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები