პირველ კლასელებისთვის სასკოლო ფორმები 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიყიდება - ინფორმაციას განათლების სამინისტროს მფლობელობაში არსებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს.
მათი ცნობით, სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:• I ეტაპი – 25 აგვისტო;• II ეტაპი – 15 ოქტომბერი;• III ეტაპი – 30 ნოემბერი.
"პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება", - აცხადებენ სახელმწიფო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა.
შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.
კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდს Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს "განათლების რესურსები" 2026 წლის თებერვალში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი განათლების სამინისტროა. დირექტორი კი მიხეილ ყუფარაძეა.




























