"საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ბევრ ადგილას წყალს სათლებით არბენინებენ", - ამის შესახებ რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, რესტორნებში წყალს სხვადასხვა უბნიდან იმარაგებენ.
"არბენინებენ ვედროებით, პირველყოფილი სიტუაციაა. ცალკე საპირფარეშო, ცალკე სისუფთავე. განსაკუთრებულად თავი ტურისტის მხრიდან წარმოვიდგინე, ჩავიდე პარიზში ან ლონდონში და იქ სასტუმროში წყალი არ აღმოჩნდეს. მტკვრის მეორე მხარეს და კიდევ რაღაც უბნებში, ვიცით, რომ წყალი არის. გადარბენა-გადმორბენებით მოგვაქვს. დღეს რაღაც ადგილებში წყალი წამოვიდა და ევროკავშირში მიღების დონის სიხარული იყო", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კვების ობიექტებს მომხმარებლების დარწმუნება უწევთ, რომ შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდონ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
GWP-ის პირველადი მონაცემებით, სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დამთავრდება.