მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიტერ ლიმი “ვალენსიას” გაყიდვას გეგმავს

პიტერ ლიმი ვალენსიას ყიდის

უკანასკნელ წლებში “ვალენსიას” გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის პიტერ ლიმის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. სინგაპურელმა მილიარდერმა ათ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა გულშემატკივრის სურვილი აასრულოს, გუნდს ფასი დაადოს და გაყიდოს.

საწყისი ღირებულება, რასაც სინგაპურელი ითხოვს, 350-400 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ახალ მფლობელს აღნიშნული თანხის გარდა კიდევ სხვა ხარჯების გაწევა მოუწევს. საუბარია 340 მილიონ ევროზე, რომელიც გუნდის მიმდინარე ვალია და დამატებით 150 მილიონზე, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს. ამას გარდა 25-კაციანი შემადგენლობიდან 15 ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა მომდევნო ორ წელიწადში გასდის, რის გამოც მათი განახლებაც საჭირო გახდება, რაც დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სტადიონ “მესტალიას” განახლების პროცესი არასაკმარისი ფინანსების გამო გაყინულია.

გასულ თვეში კი პიტერ ლიმის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურამ საქმე აღძრა. მას კლუბის ანგარიშებიდან აზიაში მდებარე საკუთარი ფირმების სახელზე 23 მილიონ 300 ათასი ევროს უკანონოდ გადარიცხვასა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები