გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ გააცნეს.
უწყების განმარტებით, ინიციატივა ერთდროულად ისახავს მიზნად გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებას და ბიზნესისთვის პრაქტიკული, თანმიმდევრული მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რათა სექტორმა ახალი რეგულაციების პირობებში ადაპტაცია შეძლოს.
"ოცნების" მთავრობაში მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის მთავარი ამოცანაა სურსათთან და სასმელთან უშუალო კონტაქტში მყოფი პლასტმასის გამოყენების შემცირება.
„აუცილებელია, ეტაპობრივად დავიწყოთ პლასტმასის ბოთლების მოხმარების რეგულირება. საბიუჯეტო სექტორში მათი გამოყენების შეზღუდვა უკვე იგეგმება, მომდევნო ეტაპზე კი რეგულაციები უნდა გავრცელდეს რესტორნებსა და კვების ობიექტებზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და ვცდილობთ, ყველა ნაბიჯი მათთან შეთანხმებული იყოს. მხოლოდ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და კერძო სექტორთან კოორდინაციით შევძლებთ ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებასა და აღსრულებას“, – განაცხადა პავლიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოციაცია მზად არის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
„პლასტიკის მოხმარების შემცირების მიმართულებით თანმიმდევრულად მივდივართ. მნიშვნელოვანია, საერთო მიზანს მივაღწიოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით. მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მინიმალური გავლენა უნდა იქონიოს როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე. აუცილებელია ბალანსის დაცვა და ყველა ჩართული მხარის მოსაზრების გათვალისწინება, რათა გადაწყვეტილებები იყოს გონივრული, დაბალანსებული და ეფექტიანი“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას ითვალისწინებს. უწყების შეფასებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პლასტმასის მოხმარების შემცირებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულაციების ეტაპობრივად ამოქმედების ვადებს, რათა ბიზნესსექტორს საკმარისი დრო ჰქონდეს ახალი წესების დანერგვისა და მათთან ადაპტაციისთვის. სამინისტროს განცხადებით, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.




























