მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია Plug and Play დაინტერესებულია, რომ საქართველოში ჰქონდეს რეგიონალური მასშტაბის აქსელერატორი. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ. პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
"მხარეებმა სააგენტოს რეფორმებსა და GITA 2.0 - ის კონცეფციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი აქსელერაციის პროგრამას საქართველოში განახორციელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესახებ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.