3 დეკემბერს ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (AGBC) ყოველწლიურ, რიგით 28-ე შეხვედრაზე - "საქართველო: შავი ზღვის კარიბჭე დიდი ცენტრალური აზიისთვის" - კვლევითმა ცენტრმა PMCG-მ აშშ-სა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გამართულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ კომპანია LinkedIn-ის გვერდზე წერს.
PMCG-ის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ თემაზე "საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები და ახალი პერსპექტივები" მოხსენება წარადგინა. მან მიმოიხილა ვაჭრობის, ფულადი გზავნილებისა და ამერიკული ინვესტიციების ძირითადი ტენდენციები, განსაკუთრებული აქცენტი კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორზე გააკეთა.
პაპავამ ყურადღება გაამახვილა 2015-2024 წლებში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის განვითარების დახმარებაზე. დისკუსიისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ დაკავშირებადობასა და "შუა დერეფანში".
PMCG-ის წამყვანი ეკონომისტი Linkdin-ზე დისკუსიიდან რამდენიმე ძირითად აქცენტს გამოყოფს:
"აშშ-ის ფინანსური დახმარება: 2015-2024 წლებში აშშ-მა საქართველოს თითქმის 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. აქედან 720 მილიონ დოლარზე მეტი USAID-ის ხაზით განხორციელდა, რაც ეკონომიკურ მოდერნიზაციასა და მმართველობის რეფორმებს მოხმარდა.
პოლიტიკური კრიზისი: სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება (2024 წლის ნოემბრიდან) ხანგრძლივი პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანი უკუსვლაა. ვითარების გამოსასწორებლად და კავშირების აღსადგენად, საქართველოს არსებითი ცვლილებების განხორციელება მართებს.
გეოპოლიტიკური კონტექსტი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ფართო გლობალური და გეოპოლიტიკური დინამიკის ჭრილში უნდა გაანალიზდეს. ბოლო პერიოდის მოვლენები - აშშ-ის მედიაციით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება, დისკუსიები TRIPP-ის დერეფნის გარშემო და "C5+1" ფორმატის შეხვედრა - ფართო რეგიონში აშშ-ის მზარდ ინტერესებზე მიუთითებს.
შუა დერეფანი: არსებული გამოწვევების მიუხედავად, "შუა დერეფანი" აშშ-ისთვის საშუალოვადიან ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, განსაკუთრებით სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესის მქონე, რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქონლის გადაზიდვის კუთხით.
საქართველოს პოტენციალი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს საკვანძო პარტნიორი როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით - არა მხოლოდ ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, არამედ ენერგეტიკაში, განათლების, მონაცემთა ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებში", - წერს გიორგი პაპავა LinkedIn-ზე.
ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციისა (DFC) და ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც განიხილეს საქართველოს როლი, როგორც შავი ზღვის კარიბჭისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაღრმავების შესაძლებლობები.




























