მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ "ა პლასტს" თანამშრომლების განახევრება მოუწია

5e3d47201636a
ანი ციხისთავი
07.02.20 15:32
1181
პოლიეთილენის პარკების მწარმოებელ კომპანია “ა პლასტს” პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის განახევრება მოუწია. “ა პლასტის” საწარმოში დღეს 70 ადამიანი მუშაობს მაშინ, როდესაც რეგულირებამდე კომპანია 127 პირს ასაქმებდა.

“ზოგიერთი ჩვენი დასაქმებულისთვის იმდენად სასიცოცხლო იყო ის თანხა, რასაც კომპანიისგან იღებდა, მათთან კომუნიკაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლების ცვლა გაგვეიშვიათებინა, შედეგად ზოგიერთი მათგანი კვირაში ერთხელ მუშაობს. აქედან გამომდინარე, ხელფასებიც შემცირებულია”,- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის იურისტმა მელიტა პატარიძემ განუცხადა.

პატარიძის თქმით, მიუხედავად, რეგულაციებისა კომპანიას წარმოების შეწყვეტა არ მოუწია, თუმცა ამ პერიოდმა კომპანიის ბიუჯეტს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

“წარმოება არის განახევრებული იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც პოლიეთილენის პარკებს ვაწარმოებდით, ასევე მოთხოვნაც, შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელის ნახევარია”,- აცხადებს მელიტა პატარიძე.

bm.ge-თან საუბარში პატარიძე “იატაკქვეშა მწარმოებლების” არსებობაზეც მიუთითებს . მისი თქმით, ბაზარზე პოლიეთილენის პარკებს ისევ შევხვდებით, რაც სწორედ “იატაკქვეშა მწარმოებლების” არსებობის შედეგია.

შეგახსნებთ, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლის 1 აპრილიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა.

რაც შეეხება კომპანიის დღევანდელ საქმიანობას “ა პლასტი” დღეს უკვე ბიოწარმოებაზეა გადასული.

“დღეისათვის უკვე 3 დანადგარი ბიოწარმოებაზე გვაქვს გადაყვანილი კომპანიამ 4000 დოლარზე მეტი ექსპერიმენტებში დახარჯა. ბიონედლეული ძალიან მცირე რაოდენობითაა და არ არის ხელმისაწვდომი. თავიდან პოვნაც კი გაგვიჭირდა, ხან უხარისხო გამოგვადგა, ხან ჩვენმა მანქანა-დანადგარებმა ვერ გადაამუშავა და ა.შ.“-აცხადებს პატარიძე

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი bm.ge-სთან ისეთი პარკების წარმოებასაც აანონსებს, რომლებშიც 70% იქნება ბიონედლეული, დანარჩენი კი - დანამატები. პატარიძის თქმით, თუ ბიოპარკების დაშლას 6 თვე სჭირდება, ასეთი პარკების დაშლისთვის 9 თვე იქნება საჭირო. იურისტის განცხადებით, 3 თვე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მომხმარებლისთვის, ამის სანაცვლოდ კი კომპანიებს პარკების წარმოება გაუიაფდებათ.

“რადგან ჩვენთან ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც ამ პარკის სრულად დაშლას შეძლებს და შემადგენლობას გაარკვევს, ასეთი პარკების წარმოებას კანონდარღვევად ჩაგვითვლიან, ამიტომ გვსურს ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას შევხვდეთ”,- აღნიშნავს პატარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები