პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვები მწარმოებლებისთვის დიდ პრობლემებთან და ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული,- ამის შესახებ კომპანია „გვგ პლასტის“ ხელმძღვანელმა გელა გელაშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა.
"გვგ პლასტი" 2014 წელს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა და ცელოფნის პარკების წარმოება დაიწყო. როგორც გელა გელაშვილი ამბობს, კომპანია ადგილობივ ბაზარზე უამრავ მსხვილ სავაჭრო ქსელს ამარაგებს, როგორიცაა „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“, „ავერსი“ და ა.შ.
გელა გელაშვილის თქმით, ახალი რეგულაციებით იკრძალება ძალიან თხელი, 5- მიკრონიანი - ერთჯერადი პარკების წარმოება და იმპორტი, ამიტომ საწარმოები 15 - მიკრონიანი, შედარებით სქელი ცელოფნების დამზადებაზე გადადიან.
მეწარმე ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად, ახალი რეგულაციებით, ცელოფნები ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს და იხრწნებოდეს არა 300 წლის, არამედ მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
"გვგ პლასტის" ხელმძღვანელის განცხადებით, მათი საწარმო თანამედროვე სტანდარტებზე თავიდანვე მორგებული იყო, თუმცა, არიან საწარმოები რომელთაც გარკვეული მცირე ხარჯის გაწევა მოუწევთ ახალ რეგულაციებზე მოსარგებად.
ბიზნესმენის შეფასებით, ახალი რეგულაციებით რაოდენობრივად შემცირდება პოლიეთილენის ცელოფნების გამოყენება, შესაბამისად, წარმოებაც, რამდენადაც პარკები იქნება არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი გამოყენების.
„გვგ პლასტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგულაციებისთვის მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე ემზადებიან და კომპანიას შესაბამისი შეკვეთები უკვე აქვს.
გელა გელაშვილის თქმით, ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და კანონპროექტის მომზადების ეტაპზეც მეწარმე სუბიექტები ჩართული იყვნენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლიდან ცელოფნის პარკების შემოტანაზე შეზღუდვები წესდება. 2017 წლის 1 სექტემბრიდან იკრძალება 10 მიკროზე ნაკლები სისქის პარკის გამოყენება, რეალიზაცია და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი. 2018 წლის 1 იანვრიდან კი 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება.

























