მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკა მკაცრდება - რა ზომები იმოქმედებს ნარკოშემოწმებაზე უარის დროს?

პარლამენტი

ნარკოდანაშაულთან მიმართებით კანონმდებლობა მკაცრდება. ერთპარტიულ პარლამენტში უკვე დაინიცირდა შესაბამისი ცვლილებები.

კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ამასთან, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლით.

პროექტის თანახმად, თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ის იმყოფება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია მას მოსთხოვოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა. შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარმოდგენისას სათანადო ნიმუში აღებული უნდა იყოს არაუგვიანეს მიმართვის გამოწერიდან 8 საათისა. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე, გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარუდგენლობა ან/და წესის დარღვევით წარდგენა ჩაითვლება შემოწმებისთვის თავის არიდებად.

შესაბამისი ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის პირველი ივნისიდანაა გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები