"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მთავარი პრობლემა ცვლილებების ზედმეტად ფართო, დისკრეციული ხასიათია. BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ გრანტების შესახებ ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ დისკრეცია როგორც ხელისუფლებისთვის ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამღუპველია.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, გრანტის ცნება ფართოვდება და კანონში ჩნდება ასევე „თვალთმაქცური გრანტის“ ჩანაწერიც. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი — 153¹³, რომელიც მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ აქტივობას არეგულირებს. კანონპროექტით მეწარმეებისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება "იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტით შედის, რომლითაც ამ ორგანოს ხელმძღვანელობის დანიშვნის წესი იცვლება და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის.
სიფა-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა კონკრეტიკას საჭიროებს, რათა მას პასუხისმგებლობის საკითხი მკაცრად გაწერილი ობიექტური ფაქტორებით განისაზღვროს.
„როგორც იურისტს, შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ყველა ამ ცვლილების ზედმეტად ფართო, ანუ დისკრეციული ხასიათია. ამ დროს ნებისმიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს ძალიან ზუსტი ნორმა - რას მიიჩნევს კონონმდებელი დარღვევად, დისკრეციის ადგილი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ ქმედების დახასიათებაში არ უნდა იყოს. მაგალითისთვის გადასახადებისგან თავის არიდება, რაც ადმინისტრაციული სამართლის ნაწილია, აქ კონკრეტულად არის როდის, რამდენი გადასახადი უნდა გადაეხადა და რამდენით გადააცილა. ამ შემთხვევაში როდესაც ვამბობთ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობა - აქ უკვე ვქმნით რა იგულისხმება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობად - ეს არის მოქმედება თუ გამონათქვამი? თუ გამონათქვამია - რა სახის არის ეს გამონათქვამი?
მე ვერ ვიტყვი შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დატოვებული, მაგრამ დატოვებული რომ არის ეს ფაქტია. ამ შემთხვევაში თუნდაც ხელისუფლებისთვის და თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის დისკრეცია დამღუპველია და რატომ? როდესაც მაგალითისთვის სისხლის სამართლის დანაშაულზე, შემადგენლობასა და ბრალზეა საუბარი ყველა შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ობიექტურ კრიტერიუმებს, ანუ უნდა არსებობდეს იმდენად მყარი, ობიექტური ფაქტობრივი გარემოებები, რომ ადამიანს მიესაჯოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს შორის არის ზღვა, ოკეანე. სუბიექტურია ის რასაც მე - კონკრეტული ადამიანია, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ჩემი კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე როგორ ვაფასებ ამა თუ იმ მოვლენას. და ობიექტური არის ფაქტი - მოხდა თუ არ მოხდა, რა მოხდა. ამ შემთხვევაში ყველა ამ საკანონმდებლო პაკეტში პრობლემა ერთი და იგივეა - სუბიექტურობის ზედმეტი ხარისხი“, - განმარტა ქეთი ქვარცხავამ.




























