არასოდეს იმის განწყობა არ მქონია, რომ პოლიტიკურად აქტიური ვიყო. რატომ უნდა ვიყო პოლიტიკურად აქტიური თუ ბიზნესში ვარ? - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებთან, ბიზნესისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“კარგი გამონათქვამია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს: ექიმმა იექიმოს, მეცხვარემ მეცხვარეობას მიხედოს. თუ პოლიტიკაში გინდა, განაცხადებ და მიდიხარ პოლიტიკაში და ჩვენს ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, არავინ გიკრძალავს. მიკრძალავენ მაგას? შვილები უკვე წამომეზარდნენ, ახლა რომ მომინდეს რატომღაც - გადავაბარო ჩემი ბიზნესი და წავიდე პოლიტიკაში, ამიკრძალავს ვინმე? მე მგონი, ვერა”, - აცხადებს პაპაშვილი.
მისივე თქმით, პოლიტიკური ბატალიები და წნეხი პარტიებს შორის არჩევნების წინ ყველგან იზრდება, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებშიც, თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებშიც ბიზნესს ეს არ ეხება.
“რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეხოთ: ან ერთი პარტიისკენ იყო, ან მეორე პარტიისკენ და გაფუჭდეს ბიზნესი. არც ჩავღრმავებივარ რა კანონი მიიღეს, არ ვიცი... რა უნდათ, რომ პოლიტიკაში არ შევიდე? მე, ლაშა პაპაშვილი?" - აცხადებს ბიზნესმენი.
სხვა მხრივ, ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ოპონირებას არ შეაჩერებს.
“მე სულ ვოპონირებ ყველასთან, არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის: ბიზნესში ვარ, მე მეტს ვითხოვ, მე მინდა სულ მხარდაჭერა, სულ ნაკლები გადასახადი და სულ მეტი შეღავათი. ამდენად, არ ვიცი რა მიიღეს. პოლიტიკაში [ჩარევისგან] რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოს ადამიანმა თუ ბიზნესი ხარ, ბიზნესმენი ხარ - ბიზნესში ხარ”, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი გამკაცრდა: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.




























