თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. როგორც მან "tv პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, „არაფერი არ არის გამორიცხული“.
გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე გაიხსენა, ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე დიალოგი და თქვა, რომ ივანიშვილმა მას რამდენჯერმე მოსთხოვა მთავრობაში ჩართულიყო, რაზედაც მტკიცე უარი უთხრა.
„ივანიშვილისგან მქონდა რამდენიმე მოთხოვნა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში, მთავრობაში ჩავრთულიყავი, ეს იყო 2016-2017 წელს. მე, რა თქმა უნდა, მტკიცე უარი ვთქვი, რადგან იმ დროსვე ჩემთვის გასაგები იყო, რომ ამ მოდელში ჩემი თანამშრომლობა ივანიშვილთან კრახისთვის იყო განწირული, რადგან მე მისი მარიონეტი ვერ გავხდებოდი. ივანიშვილს არ სჭირდება თანამებრძოლი, მას სჭირდება მარიონეტი. ის ადამიანი, ვინც ივანიშვილს აზრებს გაახმოვანებს“, - განაცხადა მან.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების შესახებ ლაპარაკი იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.
"მქონდა ილუზია, რომ ივანიშვილს კარგი, კეთილი განზრახვები ჰქონდა. მე ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც ვიხილეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა 2017 წლიდან ჩემთვის გასაგები იყო, რომ ჩემი და ივანიშვილის გზები უნდა გაყოფილიყო. დღეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას ირჩევს და ვის აძლევს ხალხს“, - განაცხადა მან.