ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოდან კომპანია "ჰაიდელბერგის" გასვლას ქვეყნის პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და ეს უშუალოდ კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.
ამ განცხადებით დავითაშვილი გამოეხმაურა გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ საქართველო უფრო დაშორდება ევროკავშირს, გერმანელი ინვესტორები საქართველოში საკუთარ საქმიანობას შეამცირებენ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი 2023 წელს ჰაიდელბერგის მიერ საქართველოში საკუთარი წილის გაყიდვა აქციონერთა მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა. ლევან დავითაშვილი აცხადებს იმასაც, რომ "ჰაიდელბერგი" დღემდე საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში, სადაც კომპანიას ქარხნები ეკუთვნის.
"საქართველოს პოლიტიკასთან ლოგიკური ბმა არ არსებობს ჰაიდელბერგის საქართველოში ყოფნასა და არყოფნას შორის, მოგეხსენებათ მოხდა კომპანიის რებრენდინგი და ის არის ჰანიველ ცემენტი, კომპანიის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება და აქციონერების სტრუქტურა წარმოდგენილია დღევანდელი სახით. აქციონერთა შორის არ არის ამჟამად ჰაიდელბერგი, მაგრამ ტექნიკური სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და ვფიქრობ რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჰაიდელბერგმა თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ის მნიშვნელოვანი კომპანიაა სამრეწველო სექტორისთვის და მას უშუალო როლი აქვს სამშენებლო სექტორის განვითარებაში და ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში. კომპანია ოპერირებს რუსეთში და ეს ვერ იქნება ვერანაირად პოლიტიკასთან კავშირში,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
"თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც ჰაიდელბერგ ცემენტია, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის,"- განაცხადა პიტერ ფიშერმა BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
2024 წლის სექტემბერში "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" ოფიციალურად გახდა "ქართული ცემენტი", ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულიდან კი კომპანია ბაზარზე "ჰანიველ ცემენტის" ბრენდით ოპერირებს. "ჰაიდელბერგ მატერიალსის" მიერ საქართველოს ბაზრის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 2023 წლის აპრილში გახდა.
გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა ჰაიდელბერგ ცემენტის ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა.
კომპანიის აქტივები 600 მილიონ ლარამდეა, წლიური შემოსავლები კი ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება.