ვერ დავხატავ ვარდისფერ სურათს, რადგან გერმანია თავს კვლავ საქართველოს მეგობრად თვლის - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა "საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე" გააკეთა. გერმანელ დიპლომატთან ინტერვიუ საქართველოს და გერმანიის და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხებოდა. პეტერ ფიშერის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ დღეისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჩიხშია შესული და აქედან გამოსავალი ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ უნდა გამონახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროგაერთიანება დაემშვიდობება საქართველოს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის სალომე ზურაბიშვილის კითხვები შეეხებოდა არსებული კრიზისული ვითარების გავლენას ქართულ ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაზე, რაზეც დიპლომატმა უპასუხა, რომ ქვეყანა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრობის პერსპექტივას უშვებს ხელიდან. ამიტომ, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ ქართველი ბიზნესმენი რომ ყოფილიყო, ხელისუფლებას ეტყოდა, რომელი ბაზარი ურჩევნია. ის ასევე იმ ბენეფიტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქართული კომპანიები ევროკავშირთან დაახლოებით იღებდნენ. ფიშერი აცხადებს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის მიმართულებით არ მობრუნდება, გაერთიანება მასთან ისეთივე ურთიერთობას აირჩევს, როგორიც მაგალითისთვის, უზბეკეთთან აქვთ.
ინტერვიუს დასასრულს პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად და თუ არ გააკეთებენ, EU დაემშვიდობება ქვეყანას, რომელსაც გაერთიანებაში შესვლის პერსპექტივა ჰქონდა.
- დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. გერმანია წლებია, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ, გერმანია საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორია. რას იტყვით, სად დგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ახლა?
- მოხარული ვარ, რომ შემოგიერთდით. ზუსტად ასეა. გერმანია უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი და პარტნიორია. ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: „ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ“. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.
თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს.
ჩვენ ყველაზე დიდი პარტნიორობისა და მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტიც კი შემოგთავაზეთ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ეს იყო სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირი ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური არსებობის ბირთვია. ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ მას შეუძლია, შემოგვიერთდეს და ეს შეთავაზება ნდობის საფუძველზე გავაკეთეთ, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების პირობები ძალიან ნათელია. ყველა ეს პირობა ჩამოწერილია, სხვათა შორის, შეგიძლიათ, წაიკითხოთ. აქ არავინ იწუხებს მათი წაკითხვით თავს, მაგრამ მე უბრალოდ გირჩევთ, რომ თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ. ჩვენ ვთქვით, რომ არის ცხრა პუნქტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და საქართველომ თქვა, რომ ძალიან ბევრს იმუშავებს და ცხრავე პუნქტს შეასრულებს. საქართველომ ცხრა პუნქტი ვერ შეასრულა, არცერთი. ჩვენ კი მას კანდიდატის სტატუსი მაინც მივანიჭეთ. ვუთხარით, რომ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს იმ პირობით, ცხრა პუნქტს შეასრულებს და რომ ჩვენ ამის გვჯერა.
გასული წლის დეკემბერში, მგონი, 15 დეკემბერი იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს მთავრობასთან და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედანზე 100 000 ადამიანის წინაშე და კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ აღვნიშნეთ.
ამის შემდეგ განწყობა შეიცვალა. საქართველოს მთავრობამ ხელახლა შემოიღო ე.წ. კანონი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რაც ევროკავშირის საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ეს არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ უხეშ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები. ეს კანონი კი სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. მიზეზები ყველამ იცის. ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას ექსპერტიზა გადაეცა. მან მიიღო კიდევ ერთი კანონი LGBTQ-ის შესახებ ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"], რომელიც ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან და შეცვალა თავისი რიტორიკა - გერმანია აღარ მოიაზრება მეგობრად და პარტნიორად.
ჩვენ აღმოვჩნდით გლობალური ომის პარტიის გიჟურ წარმოდგენებში, გვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს - სწორედ ესაა გერმანია და ესაა ევროკავშირი. ფაშიზმი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი იდეაა კარგი და ყველა დანარჩენი ნაკლები ღირებულების. ასე რომ, აქ არანაირი თანხვედრა არ არის. გვადანაშაულებენ აქ რევოლუციის მხარდაჭერაში, ვართ უცხოელი აგენტები, აღარ ვართ მეგობრები და პარტნიორები. საქართველოს ხელისუფლების ტერმინოლოგიით, ჩვენ უცხო აგენტებს გვიწოდებენ და გვაბრალებენ საქართველოს უკრაინის ომში ჩაბმის მცდელობას. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა. ჩვენ სრულიად უარვყოფთ მას. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის აქტზე - კანდიდატის სტატუსის შეთავაზებაზე. ასე რომ, პასუხი კითხვაზე არის სად ვდგავართ - ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში.
საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ - საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა, საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ.
საქართველო ტენდენციას ცდება. ასე რომ, არის კრიზისი და ვფიქრობ, რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა.
- რას ნიშნავს ეს კრიზისი ბიზნეს სექტორისთვის? ეს რუბრიკა „საქმიანი დილის“ ფარგლებშია და ჩვენ მივმართავთ ბიზნესს. რას ნიშნავს ეს კრიზისი იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ბაზარზე საქმიანობა? ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას. მისი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ქართული კომპანიები იყენებდნენ ამ შესაძლებლობას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად. რას ნიშნავს ეს კრიზისი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, კომპანიებისთვის?
- ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააგრძელებთ ბიზნესის კეთებას, როგორც ამას აკეთებდით და ევროპულ ბაზარზე ძალიან დაბალი ინტეგრაციით. თქვენ ხელიდან გაუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას გახდეთ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი, სრულუფლებიანი წევრი იმ ბაზრისა, რომელიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიო სამი ბაზრიდან. შეფასების სხვადასხვა გზა არსებობს. მე ვამბობ, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ცოტათი თავისუფალია - არ არის საკმარისი გარემოს დაცვა, არ არის საკმარისი სოციალური დაცვა. ჩინეთი კი ცოტა მეტისმეტად კონტროლირებადია. ასე რომ, ევროკავშირი საკმაოდ კარგი ბაზარია. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში კეთილდღეობის ძალიან მაღალი დონე და თუ ეს კრიზისი მოუგვარებელი დარჩება და ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ თქვენ არ შეუერთდებით ევროკავშირს და არც ერთიან ბაზარს.
მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევია. ვფიქრობ, 2016 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი, დაახლოებით, 2%-ით გაიზარდა, ანუ, მინიმალურად.
შესაძლოა, ჩვენი ინტერვიუს ტექნიკურ ნაწილზე გადავდივართ, მაგრამ ევროკავშირში სტანდარტები გვაქვს და ევროკავშირის ბაზარზე თქვენი პროდუქციის იმპორტისთვის, ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეთ. საქართველოსთვის, რადგან, ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს, ეს არის ფიტოსანიტარული სტანდარტები. თქვენ არ შეგიძლიათ, უბრალოდ გაგზავნოთ რძე, ხილი ან თხილეული ევროკავშირში. ის გარკვეულ მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ჩვენ ასევე გვაქვს მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტი. ჯერჯერობით, ქართული კომპანიებს აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით შესამჩნევი პროგრესი არ აქვთ.
- თუ გავითვალისწინებთ იმ კრიზისს, რომელიც ახლა გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს ბიზნეს სექტორის როლი? როგორ შეუძლია მას, დაეხმაროს ქართველ ხალხს ევროკავშირის ნაწილი გახდეს?
- ბიზნეს სექტორი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ვქმნით სამუშაო ადგილებს, შემოსავალს, ჩვენს სიმდიდრესა და კეთილდღეობას. შევამჩნიე, რომ საქართველოში ბევრს ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ მაქინაციებზე, თუ ვინ არის რუსეთისკენ და ვინ არა, ნაცვლად იმისა, რომ ვისაუბროთ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი ხალხისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რატომ გვაქვს პოლიტიკა? რათა ხალხს ჰქონდეს კარგი ცხოვრება. კარგი ცხოვრებისთვის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გონივრული შემოსავალი, სახურავი, საკმარისი საკვები, თანხა ჯანმრთელობისთვის, თანხა შვილების განათლებისთვის და ასე შემდეგ, არა? ასე რომ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნეს სექტორისთვის.
თქვენ არ შეუერთდებით ამერიკის შეერთებული შტატების, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეჭვი მეპარება, რომ თქვენ შეუერთდეთ ჩინეთის ეკონომიკას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა, ვიდრე დარჩენა იქ, სადაც ხართ - სამხრეთ კავკასიაში, მეზობლებთან, რომლებიც გყავთ. კარგი ურთიერთობა გაქვთ თურქეთთან, თუმცა ეს ყველაფერი ერთ ადგილას დარჩენაა.
ევროკავშირში კი, ბიზნესები ვაჭრობენ და ინვესტიციებს, ძირითადად, ერთმანეთთან ახორციელებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი და საქმიანი ჩარჩო, რომელსაც ხალხი იცნობს და რომელიც, ასევე უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ძალიან ბევრი რეგულაციაა, გადასახადი უნდა იყოს უფრო მაღალი ან დაბალი, მაგრამ ზოგადად, ეს ჩარჩო საკმაოდ კარგია, ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს ძირითადად ერთმანეთს შორის.
როცა საქართველო ევროკავშირს უახლოვდებოდა, ევროპელი ბიზნესმენები უყურებდნენ საქართველოს და ამბობდნენ: „ვხედავ, ისინი გვიახლოვდებიან, ვფიქრობ, რომ იქ უნდა შევისწავლო შესაძლებლობები, რადგან ველი, რომ მათ ექნებათ ბიზნესის კეთების ჩარჩო ყველა შესაბამისი ასპექტით, რაშიც ვისურვებდი ინვესტიციის განხორციელებას“.
ეს ფაქტია და ბევრი ასეთი შემთხვევა მსმენია, რომ როდესაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა შეაჩერა, ბევრმა ევროპულმა ბიზნესმა გადახედა გეგმებს და თქვა, რომ შესაძლოა, ახლა არ ღირს და დალოდება ჯობია.
ასევე, ვიცი ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს: „მე განვახორციელე ინვესტიცია. მართალია, ეს არ არის დიდი ინვესტიცია, მაგრამ მის შემცირებას ვგეგმავ“.
ასე რომ, საკითხავია, არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირისკენ მიმავალი ეკონომიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული, დამკვიდრებული, დიდი, აყვავებული, მოქმედი ჩარჩო, თუ საქართველო რჩება ერთგვარ განვითარებად ბაზრად სამხრეთ კავკასიაში? ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც საქართველოს შეუძლია. ასე რომ, მე რომ ქართველი ბიზნესმენი ვიყო, შევეცდებოდი ჩემი მთავრობისთვის მეთქვა , რომელი მირჩევნია.
- თუ კონკრეტულად გადავხედავთ ქართული კომპანიების ურთიერთობას გერმანულ კომპანიებთან, გერმანიიდან საქართველოში შემოსულ ინვესტიციებს და საქართველოდან გერმანიაში გასულ პროდუქტებსა და სერვისებს, როგორ აფასებთ ამას და როგორია ტენდენცია? იზრდება, მცირდება, სად ვდგავართ ამჟამად?
- უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც ჰაიდელბერგ ცემენტია, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა.
ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის. ვწუხვარ, რომ ცოტა ნეგატიურად ვსაუბრობ, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.
ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას.
ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფო ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება.
თქვენი საკუთარი სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია საორიენტაციო ობლიგაციებზე, როგორიცაა ევროკავშირის ან აშშ-ს ობლიგაციები, გაიზრდება, გაიზარდა და გააგრძელებს ზრდას.
ასევე, ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა - ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია.
უკვე 2018 ან 2019 წლიდან, იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ. ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება და დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას. ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს.
- ამ საუბრიდან გამომდინარე, ცოტა რთულია მდგრადობის თემაზე გადასვლა, მაგრამ გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოში ხელს უწყობს მდგრადობას ბიზნეს სექტორში და მდგრადობა ცენტრალური მნიშვნელობისაა ევროკავშირისთვისაც. ყველა რეგულაცია, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ კლიმატის შერბილების, სოციალური მდგრადობის, მმართველობის საკითხების კუთხით, გათვალისწინებულია ევროკავშირის დირექტივებში, რომლებიც ეხება ბიზნესს და ბიზნესმა უნდა შეასრულოს ისინი, რათა მათთვის ევროკავშირის ბაზრის კარი გაიღოს. თქვენ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასაც, რას იტყვით, აკმაყოფილებს თუ არა საქართველოში ბიზნესი ამ სტანდარტებს, უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ რეგულაციებს, ან რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს მდგრადობის თვალსაზრისით, რათა ქართულმა ბიზნეს სექტორმა ევროკავშირის ბაზარზე წვდომა შეძლოს?
- სანამ საუბარს გავაგრძელებთ, მინდა დავაზუსტო - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გულწრფელი ვარ და ვერ დავხატავ ვარდისფერ სურათს, არის ის, რომ გერმანია თავს კვლავ საქართველოს მეგობრად თვლის, ხოლო მეგობრები გულწრფელად ესაუბრებიან ერთმანეთს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ილუზიებსა და ფანტაზიებს. ჩემი საქმეა ვთქვა, რას ფიქრობს გერმანიის მთავრობა და რას ფიქრობს ევროკავშირი. ამიტომ, მე ძალიან გულწრფელი ვარ თქვენთან.
- დიდ მადლობას გიხდით ამისთვის...
- არ მინდა ვინმე დავთრგუნო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტათი იმედგაცრუებული ვარ. ახლა, მოდით, შევხედოთ მდგრადობას. მთელი მსოფლიო არამდგრად გზას ადგას, არა? უფრო მუქ ფერებში რომ დავხატოთ სურათი - ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს უფრო სწრაფად, ვიდრე მას აღდგენა შეუძლია. კლიმატის კრიზისში ვართ. ეს ფაქტია. სამწუხაროდ, ზოგიერთი მთავრობა ირჩევს ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ კლიმატის კრიზისი რეალური არ არის და უბრალოდ, უნდა გავაგრძელოთ მეტი ნავთობისა და გაზის გამოყენება. მაგრამ მეცნიერების 99% გვეუბნება და ჩვენი თვალითაც ვხედავთ, რომ კლიმატის კრიზისი რეალურია. უბრალოდ გადავხედოთ ახალ ამბებს. ყოველ კვირას ბუნებრივი კატასტროფა ხდება. მე კარგად ვიცი განსხვავება ამინდსა და კლიმატს შორის. მაგრამ უფრო ხშირი და უფრო ინტენსიური ბუნებრივი კატასტროფები კლიმატის ცვლილების შედეგია. ვფიქრობ, საქართველოც ძალიან ჩამორჩება ამ კუთხით. გვჭირდება ბევრად უფრო სწრაფი წინსვლა მდგრადობისა და მის გარშემო არსებული კანონებისა და რეგულაციების მიმართულებით. ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, ენერგოეფექტურობა, სათბურის გაზების ემისიების შემცირება. ასე მარტივად, შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა. შეხედეთ იმ მანქანებს, რომლებიც საქართველოში მოძრაობს. ვფიქრობ, რომ ეს მანქანები ძალიან შორს არიან ევროკავშირის რეგულაციებისგან. სინამდვილეში, მათი უმეტესობა ავარიული ძველი მანქანებია, რომლებიც ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, რადგან ისინი აღარ აკმაყოფილებენ ჩვენს ქვეყნებში არსებულ რეგულაციებს.
ჩვენ ორი დიდი პროგრამა გვაქვს: მწვანე ზრდის ფონდი და ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ეს არის დაფინანსების პროგრამები, შეღავათიანი სესხები, რომლებზეც ვისაუბრე. ძალიან იაფი ფულია. ჩვეულებრივ ბანკში ამას ვერ მიიღებთ. ამას იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ ხართ სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის. მოცულობა ახლა დაახლოებით 300 მილიონი ევროა. ასე რომ, ქართულ კომპანიებს შეუძლიათ აიღონ სესხები ტექნოლოგიების განახლებისთვის, ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, სამშენებლო და ტექნიკური დახმარების მისაღებად და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი. რაც უფრო უახლოვდებით ევროპას, მით უფრო ინტენსიური ხდება პარტნიორობა. ასე რომ თუ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს, მაშინ უფრო მეტი პროგრამა დაიწყება. ჩვენ ამას წინასწარი გაწევრიანების ფონდებს ვუწოდებთ, რადგან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თქვენთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ ჩვენ დაგეხმარებით და ყველა ეს პროგრამა გამრავლდება. ჩვენ ვამბობთ: „მეტი მეტისთვის“. მაგრამ რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მაშინ ჩვენი ურთიერთობის საფუძველი იცვლება და თქვენ ხდებით ისეთივე ქვეყანა, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი, ვთქვათ აზერბაიჯანი, სომხეთი ან შუა აზიის ქვეყნები. შესაბამისად, იქნება „ნაკლები - ნაკლებისთვის“. საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობებით სარგებლობს, რადგან თქვენ ბევრი რამ გადაიტანეთ, რადგან თქვით, რომ გსურდათ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით დიდ პროგრესსაც მიაღწიეთ, იმიტომ, რომ კარგი ხალხი ხართ, იმიტომ ჩვენს შორის არის კავშირი. მაგრამ თუ იტყვით, რომ ამ კავშირს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირი აღარ გაინტერესებთ და ეს არის ის, რასაც ახლა სიგნალები გვეუბნება, მაშინ ჩვენ დავიყვანთ თქვენთან ურთიერთობას ნორმალურ დონემდე, მაგალითად როგორც უზბეკეთთან.
- როგორ დავუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და როგორი იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია, რამდენადაც ჩვენი ინტერვიუს დასასრულს მივუახლოვდით, რას ურჩევდით დაინტერესებულ მხარეებს, რა თქმა უნდა, მთავრობას, მაგრამ ასევე ბიზნეს სექტორს? მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას?
- თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მოგეხსენებათ, არჩევნები ძალიან საკამათო, ძალიან სადავო იყო. რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ იყო დარღვევები ბევრ სფეროში, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტანდარტებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო არჩევნები ამდენი დარღვევით, ყველა ვიტყოდით: „აქ რა ხდება? ეს არ არის მისაღები“.
ყოველ შემთხვევაში, თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ათასჯერ და ათობით ათასჯერ დაიწერა უკვე. ახლა ცხრა პუნქტის შესრულებაა საჭირო, შემდეგ საფეხურთან მისაახლოებლად. თქვენ უნდა გააუქმოთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავაუმჯობესოთ ის აქ ან იქ. ეს არ მოხდება. ის უნდა გაქრეს. თქვენ კვლავ უნდა გადახედოთ LGBTQ კანონს ["ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს], რადგან ამ კანონით, თქვენ ახდენთ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები გარკვეული უმცირესობების დისკრიმინაციას. ეს უკანონოა ევროკავშირში.
და თქვენ უნდა შეწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდად ლაპარაკი, მტკიცება, რომ ევროკავშირი თქვენი მტერია, მაშინ, როდესაც ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. ეს გრძელდება ყოველდღე. ყოველდღე. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, მესმის, რომ რაღაც სახის საშიში აგენტი ვარ. მე აქ ჩამოვედი, როგორც მეგობარი და პარტნიორი. თქვენ თქვით, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს [სოციალურ-ეკონომიკურ] განვითარებას - ეს არის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული, ეს არიან გერმანელი ავტობუსის მძღოლები, გერმანელი ექთნები, ჩემნაირი გერმანელი საჯარო მოხელეები. ჩვენ ყველა ვიხდით ჩვენი გადასახადის ნაწილს საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, როგორ უნდა დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას - ეს ყველაფერი უკვე წერია. ყველამ იცის და, რა თქმა უნდა, იცის თქვენმა მთავრობამ.
იცის, რადგან ერთ-ერთი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ასევე გავცემთ ბევრ სტიპენდიას და საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სტიპენდიით. მათ განათლება იურიდიულ და სხვა დარგებში გერმანიაში აქვთ მიღებული. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. ძველი რეკლამის მსგავსად, უბრალოდ გააკეთე ეს. მაგრამ თუ არ გააკეთებ, მაშინ - მშვიდობით, საქართველო. ევროკავშირი შენთვის აღარ იქნება.
- არ გვინდა, რომ ასე მოხდეს. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, გულწრფელობისთვის და იმისთვის, რომ ხართ საქართველოს ნამდვილი მეგობარი მრავალი წელია. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ახლა უწევთ ქართველ ხალხს - ამას გულწრფელად ვაფასებთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება, გაძლიერდება და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.
- მეც იმედი მაქვს.