ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღესვე შეკრება სთხოვა.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხი ასევე შეიტანა ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. ბორელი ამბობს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
"პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე", - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე არის მოწოდება, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები.
ცნობისთვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) ევროკავშირის საბჭოს მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან შედგება. მას საკვანძო როლი აკისრია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და პოლიტიკის შესახებ დიალოგში.