მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. გამოძიების ჩატარებას გთხოვთ - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

ბორელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ამ ფონზე, ბორელი კიდევ ერთხელ აკეთებს მოწოდებას დარღვევების გამოძიებისკენ.

"გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან",- აღნიშნულია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბორელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისიამ, ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის სტრუქტურებს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიებისკენ 27 ოქტომბერსაც მოუწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები